„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, თუკი მოსამართლე საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობას არ მისცემს, ეს მისი მხრიდან, პირდაპირი მნიშვნელობით, სასიკვდილო განაჩენის გამოტანა იქნება.
მისივე თქმით, მოსამართლის მიერ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილების მიღება საქართველოში მძიმე პროცესების დაწყების ტოლფასი იქნება, რაც ქვეყანას ხანგრძლივ პერსპექტივაში დააზიანებს.
„მოსამართლე ხელისუფლების დავალებით ამ განაჩენს გამოიტანს? რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ადეკვატური რეაქცია იქნება. მე ვფიქრობ, რეალობას მოწყვეტილი გადაწყვეტილება სახელმწიფოში მძიმე პროცესების დაწყების ტოლფასი იქნება, რომელიც დიახაც, დააზიანებს, რა თქმა უნდა, ქვეყანას მრავალი წლის პერსპექტივაში. ამიტომ ხელისუფლება უნდა აცნობიერებდეს, რომ ის თხელი ყინული, რომელზეც იგი უკვე თვეების განმავლობაში დადის, ერთ მშვენიერ დღეს მას ვეღარ გაუძლებს და აუცილებლად ჩაუტყდება," - განაცხადა მელიამ.
მისივე თქმით, სამ ოპოზიციურ პარტიასთან - "სტრატეგია აღმაშენებელთან", "გირჩი მეტი თავისუფლებასთან" და "დროასთან" გამართული შეხვედრა კიდევ ერთი დასტურია იმისა, ოპოზიციური სპექტრი ქვეყნის წინაშე არსებული უდიდესი გამოწვევის გარშემო ერთიანდება.
„მიუხედავად განსხვავებული პოზიციებისა, მოსაზრებებისა, ტაქტიკურ სვლებთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება, განსხვავდებოდეს როგორც "ნაციონალურ მოძრაობაში", ასევე ოპოზიციაში, ყველას ვალია, რომ ეს ტრაგედია არ დავუშვათ და მოხარული ვარ, რომ ამ საკითხის გარშემო სრული ერთობა არსებობს, როგორც "ნაციონალურ მოძრაობაში", ასევე ოპოზიციურ ძალებს შორის. დღევანდელი შეხვედრა იყო კიდევ ერთი დასტური, რომ იქ, სადაც ქვეყნის წინაშე არის უდიდესი გამოწვევა, ჩვენ ვერთიანდებით. ასე იყო წარსულში, ასე იქნება მომავალში, ასე არის აწმყოში. ვფიქრობ, ყველას ძალისხმევით ჩვენ მოვახერხებთ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენას და იქნება საზღვარგარეთ გადაყვანილი," - აღნიშნა მელიამ.
ენმ-ის თავმჯდომარის თქმით, პროცესების განვითარება თავიდან ბოლომდე "ქართულ ოცნებაზე" იქნება დამოკიდებული.
„ქართულმა ოცნებამ“ დღის წესრიგში დააყენა მიხეილ სააკაშვილის, როგორც ადამიანის ყოფნა-არყოფნის საკითხი - მისთვის სიცოცხლის წართმევა, თუ სიცოცხლის შენარჩუნება. მე მჯერა, რომ ამ ძალიან მძიმე პროცესს სახელმწიფოსთვის სასიკეთო ფინალი ექნება. დიახაც, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის პრობლემა, სააკაშვილის მოკვდინების მცდელობა, ვერ დატოვებს ვერც ერთ პატრიოტ საქართველოს მოქალაქეს გულგრილს. საკითხი უკვე დიდი ხანია გაცდა ერთი ადამიანის, თუნდაც ერთი პარტიის, ან რამდენიმე ერთად აღებული ოპოზიციური პარტიის პრობლემას. მთლიანად საზოგადოების პრობლემა არის, როდესაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი შენ გიკვდება პატიმრობაში და ტყვეობაში. ამას წინ აღვუდგებით ყველა შესაძლო ლეგიტიმური შესაძლებლობებით“, - განაცხადა ნიკა მელიამ.