მე სახალხო დამცველის მოადგილე ვარ და რა იდეაც მქონდა, ყველაფრის რეალიზების შესაძლებლობა მქონდა ნინო ლომჯარიასთან ერთად - რომ გითხრათ დიდ ცვლილებებს განვახორციელებ, ბუნებრივია, არა, იმიტომ რომ ჩვენ ერთობლივად 5 წლის წინ დავიწყეთ და ვფიქრობ, რომ სწორ გზაზე ვართ, - ამის შესახებ სახალხო დამცველობის კანდიდატმა, მოქმედი სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში განაცხადა.
მისივე თქმით, მისი ომბუდსმენის პოსტზე ასარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზანი არის ის, რომ სახალხო დამცველის აპარატი დამოუკიდებელი და ეფექტური დარჩეს.
„ჩვენ, სახალხო დამცველებს დაუწერელი კონსტიტუციასავით გვაქვს - „პარიზის პრინციპები“ ჰქვია. ამ პრინციპებში მარტივი რამ წერია, რომ როდესაც ახალი სახალხო დამცველის არჩევა ხდება, არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციების გაწევა უნდა მოხდეს, იმიტომ, რომ ეს ადამიანი, ვისი შერჩევაც მოხდება, ადამიანის უფლებების სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის მისაღები უნდა იყოს. ასეთი მხარდაჭერა მე მაქვს. მე მაქვს საერთაშორისო მხარდაჭერა. ჩვენ საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე არა ერთი აღიარება, კარგი შეფასება გვაქვს და ძალიან ბევრი გამოკითხვითაც, სახალხო დამცველის აპარატის ნდობის მასშტაბი ეროვნულ დონეზეც იზრდება. ასე რომ, ეს ყველაფერი მაფიქრებინებს, რომ ჩვენ სწორ საქმეს ვაკეთებთ.
რაც შეეხება იმას, თუ რის გაკეთებას ვაპირებ, მე სახალხო დამცველის მოადგილე ვარ და რა იდეაც გამაჩნდა, ყველაფრის რეალიზების შესაძლებლობა მქონდა ნინო ლომჯარიასთან ერთად. ამისთვის მას მადლობა და ვფიქრობ, 5 წლის განმავლობაში ერთობლივად ბევრი რამის გაკეთება შევძელით. რომ გითხრათ, დიდ ცვლილებებს განვახორციელებ, ბუნებრივია, არა, იმიტომ, რომ ჩვენ 5 წლის წინ ერთობლივად დავიწყეთ და ვფიქრობ, რომ სწორ გზაზე ვართ,“ - აღნიშნა ბურჯანაძემ.
გიორგი ბურჯანაძემ ასევე კონკურენტებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისთვის მთავარია, სახალხო დამცველის პოსტზე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან მხარდაჭერილი კანდიდატის არჩევა მოხდეს.
„არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან დასახელებულ კანდიდატებს ვიცნობ და მათი არჩევის შემთხვევაში ძალიან გამიხარდება, იმიტომ, რომ ისინი პროფესიონალები არიან, მათ თავიანთი დამოუკიდებლობა არა ერთი მიმართულებით გამოუვლენიათ. ორ კანდიდატს არ ვიცნობ. იაგო ხვიჩიას ვიცნობ. მას პროფესიულად პატივს ვცემ, კარგი იურისტია, მაგრამ როგორც მე ვიცი, ის არის პოლიტიკოსი, პარტიის წევრი და ჩვენი კანონმდებლობა ასეთი თანამდებობის პირის სახალხო დამცველად არჩევას კრძალავს,“ - განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.
ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებმა სახალხო დამცველის თანამდებობაზე სამი კანდიდატი დაასახელეს. მესამე სექტორის დასახელებული კანდიდატები არიან: - მოქმედი სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე, ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელი ანა აბაშიძე და “სასამართლოს გუშაგის“ დამფუძნებელი და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი.