შოლცის ზედმეტი სიფრთხილე გულის დაწყვეტას იწვევს, ახლა მაინც გამოფხიზლდნენ ბოლომდე და ზედმეტ სიფრთხილეებს თავი დაანებონ, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
“პუტინმა, რასაც ნაწილობრივი მობილიზაცია დაარქვა, სინამდვილეში საყოველთაო მობილიზაციაა. ყველას ვისაც დაიჭერენ მიყავთ და სამ ტალღად უნდათ განახორციელონ, ანუ სამჯერ 300 000-ის გაწვევას აპირებენ. პრაქტიკულად იტერიაშია და იმის მაჩვენებელია, რომ უკრაინაში პირწმინდად დამარცხდა. ამაზე რეაგირება ექნება ნატოს, უკრაინისთვის უფრო მეტი იარაღის გადაცემით და უფრო შორს მსროლელ და ჭკვიან იარაღს მიაწვდის უკრაინას.
ახსენეთ კანცლერი შოლცი და ბუნებრივია, რომ ჩვენი გულის დაწყვეტას იწვევს ასეთი ზედმეტი სიფრთხილე. სიფრთხილე ყოველთვის სწორია, მაგრამ ზედმეტი არაფერი არ ვარგა – არც ემოციურობა და არც სიფრთხილე. ღმერთმა არ ქნას, რომ პუტინმა წარმატებას მიაღწიოს უკრაინაში, მაგრამ ეს რომ ასე მოხდეს, ის უკრაინით არ გაჩერდება. მან მტრად გამოაცხადა უკრაინა, იქამდე საქართველო, ხვალ კი მტრად გამოაცხადებს ფინეთს, ბალტიისპირეთს, პოლონეთს, სანამ არ გააჩერებს ცივილიზებული სამყარო. 2008 წელს რომ გაეჩერებინათ პუტინი, კარგი იქნებოდა, მაგრამ არ თუ ვერ გააკეთეს. ან 2014-ში, როდესაც ყირიმის ანექსია მოახდინა, კარგი იქნებოდა, შემდეგ უკვე დონბასის ოკუპაციაზე, ახლა მაინც უნდა გამოფხიზლდნენ ბოლომდე და ზედმეტ სიფრთხილეებს თავი დაანებონ,” – თქვა გიორგი ბარამიძემ.
ipress.ge