შექმნილი ვითარება პრაქტიკულად წარმოუდგენელია და ამ ვითარების შექმნაში ლომის წილი მიუძღვის „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, იმიტომ რომ მათ არ აქვთ ჩამოყალიბებული მკაცრი, გამართული და გააზრებული პოლიტიკა რუსეთიდან მიგრანტებთან დაკავშირებით, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი, ლევან ბეჟაშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ ქსენოფობიური და შოვინისტური კამპანია მიმდინარეობს.
ბეჟაშვილის თქმით, ქვეყანაში ქსენოფობია არ არის პრობლემა, პრობლემაა რუსეთის ფედერაციიდან შემოსული უპრეცედენტო ნაკადი.
მისივე შეფასებით, მთავრობას საქართველოში შემოსულ რუსეთის მოქალაქეებთან დაკავშირებით სტრატეგია და პოლიტიკა უნდა ჰქონდეს შემუშავებული.
„შექმნილი ვითარება პრაქტიკულად წარმოუდგენელია და ამ ვითარების შექმნაში ლომის წილი მიუძღვის „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, იმიტომ რომ მათ არ აქვთ ჩამოყალიბებული მკაცრი, გამართული და გააზრებული პოლიტიკა რუსეთიდან მიგრანტებთან დაკავშირებით. პრაქტიკულად, ის განუკითხაობა, რომელიც დღეს შექმნილია საქართველოში, სწორედ ამ პოლიტიკის არქონის გამოა. ქვეყანაში ქსენოფობია ნამდვილად არ არის პრობლემა, მაგრამ პრობლემაა რუსეთის ფედერაციიდან შემოსული უპრეცედენტო ნაკადი, მათ ტურისტებს ნამდვილად ვერ დავუძახებ. მათ შემოსვლას უკავშირდება კონკრეტული საფრთხეები, ფულად საკრედიტო სტაბილურობის, ინფლაციის, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული და სხვა უამრავი საკითხები, რომელიც ჩვენი მოსახლეობის აღშფოთებას და შიშს იწვევს, ამიტომ ხელისუფლება ოპოზიციას კი არ უნდა აბრალებდეს ქსენოფობიას, არამედ ქვეყანას უნდა მმართავდეს“,- განაცხადა ბეჟაშვილმა