საინტერესოა, რატომ მოიტანს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დარჩენა დეპოლარიზაციას?! ეს ყველაფერი ცოტა არასერიოზულია - ანეკდოტია, როდესაც დეპოლარიზაცია ყოფილა ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება, - ასე აფასებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, სერგო ჩიხლაძე „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ "მოქალაქეებისა“ და „გირჩის“ ერთობლივ განცხადებას, სადაც აღნიშნავენ, რომ დეპოლარიზაციისთვის უმნიშვნელოვანესია სააკაშვილის პოლიტიკიდან გასვლა და ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება.
როგორც სერგო ჩიხლაძე განმარტავს, „მოქალაქეებს“ და „გირჩს“ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებული პოზიციები აქვთ.
“უკვე ანეკდოტია. საინტერესოა, რატომ მოიტანს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დარჩენა დეპოლარიზაციას?! ეს ყველაფერი ცოტა არასერიოზულია. ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და სხვა ოპოზიციური პარტიები ამ აბსურდს ხელს ვერ მოვაწერდით.
როდესაც მთელი დასავლეთი, სამოქალაქო საზოგადოება, ოპოზიცია, ამომრჩეველი, ვითხოვთ, რომ დაგვანებოს თავი ამ ადამიანმა, ბიძინა ივანიშვილმა თავი დაანებოს საქართველოს პოლიტიკას და ჩაეხსნას, ეს ადამიანები ამბობენ, რომ ბიძინა შემოვიდეს, ამაზე მოგვიწერეთ ხელიო. ამაზე ხელს როგორ მოვაწერთ. ანეკდოტია, როდესაც დეპოლარიზაცია ყოფილა ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება.
ამ ორი ჯგუფის - ელისაშვილის „მოქალაქეების“ და იაგო ხვიჩიას „გირჩის“ პოზიციები ჩვენი და სხვა ოპოზიციური პარტიების პოზიციისგან განსხვავდება. მოვითხოვეთ რიგგარეშე სესია, კომიტეტები, მათ თქვეს, რომ ეს საჭირო არ არის. მოვითხოვეთ საკონსტიტუციო ცვლილებები და მათ თქვეს, რომ არა, არ შემოგვიერთდებიან. ახლა ითხოვენ მიშა წავიდეს და ბიძინა დაბრუნდეს, გაურკვეველი სქემები - არასერიოზულია ეს. აბა, სხვას რას ითხოვს „ქართული ოცნებიდან“ გასული „ქართული ოცნების“ ჯგუფი. ისინიც ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებას ითხოვენ. საოცარი მდგომარეობაა. მე არ ვიცი, რა იხარშება ბიძინა ივანიშვილის ტვინში და „ქართული ოცნების“ შიდა სამზარეულოში. დაბრუნდება, თუ არ დაბრუნდება, ფაქტი ფაქტად რჩება. ეს ადამიანი არის გადაწყვეტილებების მიმღები“,- აღნიშნავს ჩიხლაძე.