ყველამ კარგად იცის, რა არის გასაკეთებელი, მათ შორის, პარლამენტის დონეზე - ხელისუფლებისგან ვერ ვხედავთ პოლიტიკურ ნებას, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო დოლიძემ განაცხადა.
მისი თქმით, პოლიტიკური ნების გამოხატვა, რომ ხელისუფლებას ევროკავშირის მოთხოვნების შესრულება სურს, იმ 12 პუნქტის შესრულება იქნებოდა, რაც ნიშნავს, მათ შორის ძალაუფლების გადანაწილებას პოლიტიკურ პარტიებზე, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას და მართლმსაჯულების რეფორმაზე მუშაობას.
დოლიძე მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით ნაბიჯები არათუ წინ, არამედ უკან იდგმება და ამის მაგალითია კიდევ ერთი ვადით სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მიხეილ ჩინჩალაძის დანიშვნა.
"არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარმოვადგინეთ 12 პუნქტი, როგორ უნდა შესრულდეს და ის ეხმიანება ევროკავშირის რეკომენდაციებს, რაც მივიღეთ. ჩვენ ასე წარმოგვიდგენია პროცესის დაწყება. ჩვენ არ გვაქვს ახლა იმის დრო, რომ სამუშაო შეხვედრები და პროცესები ისე დავძრათ, რომელიც დროში გაიწელება, ხოლო შედეგი შეიძლება მოიტანოს, შეიძლება - არა. ყველამ კარგად იცის, რა არის გასაკეთებელი, მათ შორის, პარლამენტის დონეზე, არის კანონპროექტები, რომელიც მომზადებულია, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებები და ეს არის გასაკეთებელი, რომ ევროკავშირს დავანახოთ, რომ საქართველო მზად არის, კონკრეტული ნაბიჯები გადადგას. ხელისუფლების მხრიდან უნდა დავინახოთ კონკრეტული ნაბიჯები, სადაც პოლიტიკური ნება გამოვლინდება. ჩვენ ჯერ ვერ ვხედავთ პოლიტიკურ ნებას. არაერთხელ ვნახეთ პროცესის დაწყების მცდელობა, რომელიც წარმატებით არ დასრულებულა, გვაქვს შარლ მიშელის შეთანხმება და სხვა, საიდანაც გასული ვიხილეთ ხელისუფლება, ცხადია, ნდობა ამ ეტაპზე არ არსებობს", - განაცხადა დოლიძემ.