განცხადება, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ დეპოლარიზაციაზე გააკეთა, დაგვიანებულია, – ამის შესახებ პარტია „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი-მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„დაგვიანებულია, რადგან ჩვენ ყველამ დავინახეთ ის, რომ ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა იმისთვის, რათა ჩვენ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიგვეღო. მეტიც, სამწუხაროდ, ხელისუფლებამ თავისი განცხადებებით, მოქმედებებით და პასიურობით, იმით, რომ ამ მიმართულებით ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი არ აქტიურობდა, ჩვენ ეს შანსი გადაგვივადა. როდესაც ერთი დღით ადრე ოპოზიციის წარმომადგენლებს ეძახი ავადმყოფებს, უსუსურებს, არარაობებს და ამბობ, ექიმი სჭირდებათ, მეორე დღეს კონსოლიდაციასა და დეპოლარიზაციაზე ლაპარაკი უბრალოდ, არანაირად არ ჩანს, რომ გულწრფელია“, – განაცხადა ბურჯანაძემ.
ნინო ბურჯანაძემ ასევე განაცხადა, რომ ის აბსოლუტურად უჭერს მხარს იმ აქციებს, რომელიც ახლა რუსთაველზე იმართება.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ აქციებში მონაწილეობენ საზოგადოების წარმომადგენლები, ახალგაზრდები ძალიან ბევრი და პრაქტიკულად, შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ამდენი ახალგაზრდა ნამდვილად არ მინახავს მიტინგზე. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ეს აქციები სწორედაც, არც ერთი პოლიტიკური ორგანიზაციის მიერ არ არის ორგანიზებული და ეს არის სწორედ საზოგადოებისა და ახალგაზრდების ინიციატივა“, – განაცხადა ბურჯანაძემ.