ჩვენთვის ფორმატებში გაერთიანება გულისხმობს, რომ მასში გაერთიანებული ქვეყნები პატივს უნდა სცემდნენ საერთაშორისო სამართლის ნორმის ფუნდამენტურ პრინციპებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, მევლუთ ჩავუშოღლუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, თურქეთი როგორც სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანა, რომელიც დიდ როლს ასრულებს სამხრეთ კავკასიის სტაბილურობაში, მოწადინებულია, რომ შეიქმნას ფორმატები, რომელიც უზრუნველჰყოფს ამ გრძელვადიან მშვიდობას.
"ჩვენ გვესმის მათი პოზიცია, მაგრამ მე ამავე დროს მკაფიოდ აღვნიშნე, რომ ჩვენთვის ფორმატებში გაერთიანება, პირველ რიგში, გულისხმობს, რომ ამ ფორმატებში გაერთიანებული ქვეყნები პატივს უნდა სცემდნენ საერთაშორისო სამართლის ნორმის ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორიც არის ქვეყნების სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა. რუსეთი არის ოკუპანტი ქვეყანა და ბუნებრივია, ამ ფორმატში ძნელად წარმოსადგენია რაიმე სახის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება, ვიდრე არ გადაიდგმება ნაბიჯები დეოკუპაციისკენ. ჩვენ ეს მკაფიო პოზიცია გვაქვს.
მეტიც, მიგვაჩნია, რომ საქართველო, როგორც რეგიონის ერთ-ერთი მთავარი ქვეყანა, არ უნდა დარჩეს რეგიონული თანამშრომლობის ფორმატებისა და პროექტების მიღმა. ამის ბევრი კარგი მაგალითია, როგორც ჩვენი სამმხრივი ფორმატი, ასევე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ბაქო-თბილისი-ყარსი, ერზერუმი, სწორედ ეს არის ის, სადაც ბევრი წარმატებული მაგალითი გვაქვს. საქართველოს ხელისუფლების წინადადებაა, რომ თბილისი იქცეს ერთგვარ პლატფორმად აზერბაიჯანს და სომხეთს შორის საუბრის კონკრეტულ თემებზე – ეკონომიკური ხასიათის თემებზე, ბიზნესთან დაკავშირებულ თემებზე, იგივე ხალხთაშორის ურთიერთობის თვალსაზრისით. ეს არის ჩვენი პოზიცია და ვფიქრობ, ამ მიმართულებით გავაგრძელებთ ჩვენ სვლას", – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
დავით ზალკალიანი ანკარაში ერთდღიანი ვიზიტით იმყოფება. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისა და ერთობლივი ბრიფინგის შემდეგ ის ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდება.