რა თქმა უნდა, ჩვენ განსაკუთრებით მადლიერი ვართ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, თურქეთის, იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ყოველთვის ვგრძნობთ ყველა ფორუმზე და მაღალი დონის შეხვედრაზე, გამოხატულს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან და სუვერენიტეტთან დაკავშირებით, - ამის შესახებ დავით ზალკალიანმა მევლუთ ჩავუშოღლუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მან თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას აფასებს როგორც ნაყოფიერ და შედეგზე ორიენტირებულ მსჯელობას, როგორც ორმხრივ, ისე რეგიონული თანამშრომლობის ფართო სპექტრზე. საქართველოს ვიცე-პრემიერის თქმით, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში დინამიკურად ვითარდება.
"თურქეთში ვიზიტი ყოველთვის ძალიან საინტერესოა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას უკვე მრავალი წელია, აერთიანებს და ჩვენ ერთობლივად ვავითარებთ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას მთელი რიგი მიმართულებით. მინისტრთან მქონდა ძალზე ნაყოფიერი და შედეგზე ორიენტირებული მსჯელობა, როგორც ორმხრივ, ასევე რეგიონული თანამშრომლობის ფართო სპექტრზე.
ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა უაღრესად დინამიკურად ვითარდება ყველა სპექტრზე, პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურულ-ჰუმანიტარული თვალსაზრისით, მაგრამ არსებობს უფრო მეტი შესაძლებლობა და არის ორმხრივად მზაობა, რომ ეს თანამშრომლობა ავიყვანოთ თვისობრივად ახალ დონეზე ისე, როგორც შეეფერებათ ნამდვილ, სტრატეგიულ პარტნიორებს", - განაცხადა ზალკალიანმა.