"ვადამდელი უნდა დაინიშნოს თუ არ უნდა დაინიშნოს ეს, რა თქმა უნდა, ევროპელი პოლიტიკოსების გადასაწყვეტი არ არის", — ასე უპასუხა ალეკო ელისაშვილმა კითხვას, იყო თუ არა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მხრიდან პირდაპირი ან ირიბი მინიშნება რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შესახებ. ელისაშვილის თქმით, ოპოზიციის, მიშელისა და პრემიერმინისტრის საერთო შეხვედრაზე აზრებსა და შეხედულებებს უცვლიდნენ ერთმანეთს.
"იქ შემოვიდა ერთი თხოვნა, რომ მოდი, წითელი ხაზებით ნუ დაიწყებთ საუბარს და პირობების გარეშე, უბრალოდ, თქვით, რას ფიქრობთ, რა არის მთავარი პრობლემა და ამაზე იყო აზრთა გაცვლა-გამოცვლა. რა თქმა უნდა ღარიბაშვილს თავისი შეხედულებები ჰქონდა კონკრეტულ საკითხებზე, ოპოზიციას — თავისი. ვადამდელი უნდა დაინიშნოს თუ არ უნდა დაინიშნოს ეს, რა თქმა უნდა, ევროპელი პოლიტიკოსების გადასაწყვეტი არ არის", — განაცხდა ელისაშვილმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მან "ნიუანსებში ჩახედულ ადამიანად" დაახასიათა და აღნიშნა, რომ ის "უბრალოდ მომღიმარი უცხოელი" არ იყო.
"მინდა გითხრათ, რომ ძალიან არადიპლომატიური და ძალიან გულახდილი საუბარი იყო. ეს არის ადამიანი, რომელიც ყველა დეტალს ყვებოდა და ყველა ნიუანსში ჩახედული იყო და არ იყო ციდან ჩამოფრენილი უბრალოდ მომღიმარი უცხოელი, ძალიან ჩახედული იყო ჩვენს საკითხებში. ერთადერთი თხოვნა იყო, რომ დასხედით და ეს თხოვნა შესრულდა საღამოს ჟამს, დაილაპარაკეთ და შეთანხმდით. იმისთვის, რომ შეთანხმდეთ, ორივე მხრიდან ტონს დაუწიეთ, დაარბილეთ გამონათქვამები, არ გინდათ მუშტების ბრახუნი, არ გინდათ კონფრონტაცია. რაც მთავარია, ამ კაცის ნათქვამზე ორივე მხრიდან იყო დასტური, რომ კი ბატონო, მზად ვართ ამისთვის, მაგრამ რომ დაღამდა და გათენდა, დაიწყო აბსოლუტურად სხვა რამ — ერთი მხირდანაც და მეორე მხრიდანაც. ეს უპასუხისმგელობაა", — განაცხადა ელისაშვილმა.
1-ელ მარტს, პრეზიდენტის რეზიდენციაში ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ოპოზიციონერ ლიდერებთან და ქვეყნის პრემიერმინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივი შეხვედრა გამართა. როგორც ცნობილია, შეხვედრაზე იმსჯელეს ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების გაჯანსაღების 6-პუნქტიან გეგმაზე. შეხვედრას არ ესწრებოდა პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.
შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ, ოპოზიციონერმა ლიდერებმა განაცხადეს, რომ დაგეგმილი პიკეტები და აქციები არ გაუქმებულა. მმართველი გუნდის წევრები აცხადებდნენ, რომ შარლ მიშელთან შეხვედრიდან 12 საათში ოპოზიციამ არათანმიმდევრული ნაბიჯი გადადგა და "ჰალსტუხიანი შეხვედრის" პარლამენტთან "რუსეთების ძახილით" მივიდა.
მსგავსი შინაარსის განცხადება გააკეთა პარტია მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმაც. მან თქვა, რომ პარლამენტის პიკეტირება ეწინააღმდეგება ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრის სულისკვეთებას. საპასუხოდ, ოპოზიციამ ღარიბაშვილის შეცვლილი რიტორიკა გააკრიტიკა.
დღეს, ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციონერი ლიდერები ერთმანეთს შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ ისინი ამბობდნენ, რომ ხელისუფლებას მოლაპარაკებების შეწყვეტის საბაბს არ მისცემენ და დიალოგის გასაგრძელებლად, მზად არიან აქციების ფორმის ცვლილებაზეც იმსჯელონ.