ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ვიყოთ და ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ავიღოთ, რომ ქვეყანამ დემოკრატიული, სტაბილური განვითარება განაგრძოს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ სათავო ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ შეხვედრაზე პირველ რიგში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური საკითხები განიხილეს.
„უმრავლესობა არის იმ აზრზე, რაც ხმოვანდებოდა მთელი ამ დღეების განმავლობაში ჩვენი მხრიდანაც, რაც საბედნიეროდ ემთხვევა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, მეგობრების, მთავარი სტრატეგიული მეგობრის ოფიციალურ პოზიციას, და ეს არის ის, რომ დიალოგს, მოლაპარაკებას და არც კანონის უზენაესობას ალტერნატივა არ აქვს. ამით ყველაფერი ნათქვამია.
ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით და ახლაც მზად ვართ, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ვიყოთ და ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ავიღოთ, რომ ქვეყანამ განაგრძოს დემოკრატიული, სტაბილური განვითარება და აქ არ იყოს შეფერხება არც ვინმეს პროვოკაციული მოქმედებების გამო და ეს პასუხისმგებლობა უნდა გაიზიაროს ყველამ, მათ შორის ჩვენმა ოპონენტებმა, რომ ეს სტაბილური განვითარება განაგრძოს და განაგრძოს სვლა, ერთადერთი სწორი მიზნისკენ - ნატო, ევროკავშირი, ეს არის ჩვენი დეკლარილებული და რეალური მიზანი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.