გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ირაკლი ჩავლეიშვილისთვის ნაგვის დაყრა არა გამოხატვის თავისუფლება, არამედ ძალადობაა.
"ეს არ არის გამოხატვის თავისუფლება. გამოხატვის თავისუფლება ნიშნავს ლაპარაკს და სიტყვებით აზრის გამოხატვას, ეს არის გამოხატვის თავისუფლება. ნაგვის თავზე დაყრა არის ჩვეულებრივი ძალადობა და მე ვარ ძალადობის წინააღდეგი. არ უნდა დაემსგავსო იმას, ვისაც ებრძვი", — აცხადებს ჯაფარიძე.
გუშინ, 23 იანვარს, ირაკლი ჩავლეიშვილს, რომელიც აჭარის უმაღლეს საბჭოში ოპოზიციის სიით შევიდა, მოქალაქეებმა ქუჩაში ნაგავი დააყარეს. ამის ამსახველი ვიდეო ორგანიზაცია ალტერნატივამ გაავრცელა. როგორც ალტერნატივის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, მოქალაქეები ჩავლეიშვილს ქუჩაში შეხვდნენ. ისინი "მონა, მოღალატეს" სკანდირებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ საბჭოში გაყალბებული მანდატით შევიდა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ საქმეზე შსს-მ გამოძიება დევნისა და ხულიგნობის მუხლებით დაიწყო. მალევე, ალტერნატივას წარმომადგენელი, ირაკლი ფანგანი დააკავეს. მას პოლიციამ მას განუმარტა, რომ დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 165-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, რომელიც გულისხმობს ადამიანის დევნას სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, რომელიც ჩადენილია ძალადობით ან ძალადობის მუქარით. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
დეკემბერში ირაკლი ჩავლეიშვილმა რესპუბლიკური პარტია დატოვა და საბჭოში შესვლა გადაწყვიტა. პარტიის დატოვების მიზეზად მან ბოიკოტთან დაკავშირებით განსხვავებულ პოზიციებს ასახელებს.