„გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ოპოზიციის მოლაპარაკებების დროს “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს ინდივიდუალური კომუნიკაცია ჰქონდათ პარტიებთან და მისთვის ცნობილია, რომ „ოცნებას“ ზურაბ ჯაფარიძესთანაც ჰქონდა მოლაპარაკებები. ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „ტვპირველის“ ეთერში განაცხადა.
„ჩვენი სიის პირველი ნომერი გახლდათ ზურა ჯაფარიძე და როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი იმ პერიოდში, თუ რამე კონტაქტი არსებობდა, ეს იყო „ოცნებასა“ და ჯაფარიძეს შორის. „ოცნების“ წარმომადგენლებს როდესაც მერე მეც ველაპარაკე, მითხრეს, რომ ჩვენთან ჰქონდათ რაღაც ტიპის მოლაპარაკება, მაგრამ არა ჩემთან, არა მეგრელიშვილთან ან რაქვიაშვილთან, არამედ ამ შემთხვევაში ჯაფარიძესთან.
„ოცნებიდან“ მე ეს ინფორმაცია მივიღე. მე ზუსტად ვიცი, რომ ასეთ დროს პოლიტიკურ სპექტრში არსებობს კომუნიკაცია და ამაში არანაირი პრობლემა არ არსებობს.
რა თქმა უნდა, სხვა პარტიებსაც ჰქონდათ კომუნიკაცია „ოცნებასთან“. ვის ხვდებოდნენ, კონკრეტულად ამას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა და ჩემი მხრიდან ამაზე ლაპარაკი კორექტული არ იქნება. მე არ შევხვედრივარ, მაგრამ მაგალითად „ქართული ოცნების“ წინადადება ჩემთან მოდიოდა ბადრი ჯაფარიძის გავლით”, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.