„კონსერვატორები“ ხვალ, 15 ნოემბერს გაასაჯაროებენ გადაწყვეტილებას, დარჩებიან თუ არა საპარლამენტო უმრავლესობაში. ამ წუთებში ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ წევრი ნინო გოგუაძე თამარ ჩუგოშვილს ხვდება, რომელმაც უმრავლესობის კიდევ 7 წევრთან ერთად დღეს მმართველი გუნდის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც ნინო გოგუაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდება მოულოდნელი იყო.
"ეს არ იყო ის გადაწყვეტილება, რომელზეც შევთანხმდით. ამიტომ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ „კონსერვატორები“, ამაზე საზოგადოებისთვის იქნება შემდგომ ცნობილი,"- განაცხადა ნინო გოგუაძემ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობა 8 დეპუტატმა: თამარ ჩუგოშვილმა, ირინა ფრუიძემ, გიორგი მოსიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ, სოფიო ქაცარავამ, მარიამ ჯაშმა და ზაზა ხუციშვილმა დატოვეს.