აფგან მუხთარლის საქმეს მარტო აზერბაიჯანში არ უნდა მივადევნოთ თვალი, რადგან ის თბილისიდან
გაიტაცეს,- ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა ევროპარლამენტარმა რებეკა ჰარმსმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე საქართველოს დამოუკიდებელი გამოძიება სჭირდება.
„მე შევხვდი აფგან მუხთარლის მეუღლეს და მეგობრებს. ვფიქრობ, რომ საქართველოს სჭირდება დამოუკიდებელი გამოძიება ამ გაქრობის თუ გატაცების შესახებ. ამ საკითხზე ევროპარლამენტშიც ვიმსჯელებთ. აფგან მუხთარლის საქმეს მარტო აზერბაიჯანში არ უნდა მივადევნოთ თვალი, რადგან ის თბილისიდან გაიტაცეს.
აფგან მუხთარლიმ და მისმა მეუღლემ აუცილებლად უნდა მიიღონ დაზარალებულის სტატუსი საქართველოში.
ასვეე, მხარს ვუჭერთ მუხთარლის ადვოკატების გადაწყვეტილებას, მიმართონ სტრასბურგის სასამართლოს. ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ არ უნდა შევწყვიტოთ მცდელობა, რომ ის გავათავისუფლოთ“,- განაცხადა ევროპარლამენტარმა.
რებეკა ჰარმსის თქმით, ციხეში მუხთარლის მდგომარეობა მძიმეა.
„მისი მდგომარეობა ციხეში მძიმეა. მას არც ერთხელ არ ჰქონია შესაძლებლობა შეხვედროდა მეგობრებს და ოჯახის წევრებს.
ამ საკითხებზე, ჩემი თანამდებობიდან გამომდინარე, აუცილებლად მივმართავ აზერბაიჯანის ხელისუფლებას. უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს ამ საქმეს, ჩვენ ევროპარლამენტში მართალია მივიღეთ რეზოლუცია, თუმცა მუშაობა უნდა გავაგრძელოთ, მეტია საჭირო“,- განაცხადა ევროპარლამენტარმა პრესკონფერენციაზე.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ის ბაქოში იყო დაპატიმრებული საზღვრის უკანონო კვეთისას და არადეკლარირებული დიდი ოდენობის თანხის გადატანის ბრალდებებით. მუხთარლის წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული და სასამართლო პროცესებს ელოდება.





