ზუგდიდის 79-ე საარჩევნო უბანზე ერთ-ერთ დამკვირვებელ გოჩა რაფავას საუბნო-საარჩევნო კომისიის
თავმჯდომარემ შენიშვნა მისცა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, რაფავამ ამომრჩეველს თვალი ჩაუკრა, რის გამოც, ორგანიზაცია „საუნჯის“ წარმომადგენელმა საჩივარი დაწერა.
ორგანიზაცია „საუნჯის“ ერთ-ერთი დამკვირვებლის მარიამ უერთაშვილის განცხადებით, ჯიხაშკარის 79-ე საარჩევნო უბანზე „სოციალურ-პოლიტიკური განვითარების ცენტრიდან“ დამკვირვებელი გოჩა რაფავა კაბინაში შესულ ამომრჩეველს უყურებდა იმ მიზნით, რომ ენახა, თუ რომელი ნომერი შემოხაზა, ერთ-ერთს კი, თვალიც ჩაუკრა.
უერთაშვილის თქმით, აღნიშნული ქმედება, ერთი მხრივ, ხმის მიცემის ფარულობას არღვევს, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია, ხოლო მეორე მხრივ, მიუთითებს, რომ შესაძლებელია, ამომრჩევლის ნების გამოხატვაზე ზეგავლენასაც ჰქონდა ადგილი.
„აღნიშნული ძალიან სერიოზული საარჩევნო გადაცდომაა და აუცილებელია, დაუყოვნებელი და მკაცრი რეაგირება მოხდეს“, - განაცხადა მარიამ უერთაშვილმა.