ვილი სანიოლი: ესპანეთსა და ბულგარეთთან ჩასატარებელი მატჩები რაღაც ახლის დასაწყისი უნდა გახდეს
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის დასკვნითი ორი მატჩისთვის ემზადება. 15 ნოემბერს „ჯვაროსნები“ თბილისში, „დინამო არენაზე“ ესპანეთს უმასპინძლებენ – შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება, 18 ნოემბერს კი, 23:45 საათზე სოფიაში ბულგარეთის ნაკრებს შეხვდებიან.
ესპანეთთან მატჩამდე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ნაკრების დებიუტანტ იური ტაბატაძესთან ერთად პრესკონფერენცია გამართა.
ვილი სანიოლი – „გუნდში ძალიან კარგი გარემოა, იმაზე უკეთესი, ვიდრე სექტემბერში, ან ოქტომბერში იყო. ფეხბურთელებთან ბევრი ვისაუბრეთ მომავალზე. ხაზი გავუსვი, რომ ბოლო ერთი წლის მანძილზე ნაჩვენები შედეგი არ იყო დამაკმაყოფილებელი, ვიმსჯელეთ, როგორ უნდა გავაუმჯობესოთ ეს ყველაფერი.
ახლაც იმავე აზრზე ვარ, რომ ესპანეთს მსოფლიოში საუკეთესო ნაკრები ჰყავს. მათ ბოლო წლებში არაერთხელ შევხვდით. ესპანეთში ჩატარებულ ბოლო მატჩში მთავარი პრობლემა ჩვენი მხრიდან ნაკლები ბრძოლა იყო. იმედი მაქვს, ამჯერად უკეთესად ვითამაშებთ.
პატარა გუნდი ვართ, როცა რამდენიმე მოთამაშე ტრავმირებულია, მათი შეცვლა რთულია. მნიშვნელოვანია, ნაკრებში ახალი სახეები გამოჩნდნენ. ესპანეთსა და ბულგარეთთან ჩასატარებელი მატჩები რაღაც ახლის დასაწყისი უნდა გახდეს.
ასეთ რთულ დროს ფანების მხარდაჭერა გვჭირდება. ეს იქნება ჩემი გზავნილი – შევინარჩუნოთ ის ემოცია და განწყობა ტრიბუნებზე, რაც ქართველ ქომაგებს ახასიათებთ.
იური ტაბატაძეს ადაპტაციისთვის ჯერ დროს სჭირდება. მას „იბერიაში“ გამოსვლის დროიდან ვაკვირდები. ახლა ესპანეთშიც კარგად თამაშობს და ქართველი გულშემატკივარი საქმეში ნაკრებშიც იხილავს“.
იური ტაბატაძე – „ეროვნულ ნაკრებში გამოძახება ძალიან გამიხარდა. გუნდში იდეალური ატმოსფეროა. ფეხბურთელების უმეტესობას ასაკობრივი ნაკრებებიდან ვიცნობდი. რაც შეეხება უფროსებს, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ერთი ასაკის ვართ. გუნდში შექმნილი მსგავსი გარემო იმედს მაძლევს, რომ ყველაფერი გამოსწორდება.
ეს წელი ჩემთვის წარმატებული იყო. სეზონი „იბერიაში“ დავიწყე, საიდანაც ესპანეთში გადავედი, იქაც ყველაფერი კარგად მიდის და ჩემი ოცნებაც ახდა – ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ვარ“.