გიორგი ჯაბნიაშვილი 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონია
გიორგი ჯაბნიაშვილი 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონია. ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ქართველი ძიუდოისტი გიორგი ჯაბნიაშვილი (-90 კგ) ტურნირის ჩემპიონი გახდა.
მიმდინარე ტურნირზე საქართველოს ნაკრებისთვის ეს პირველი ოქროს მედალია. გიორგი ჯაბნიაშვილმა (-90 კგ) ფინალურ შეხვედრაში მოლდაველი მიხაილ ლატისევი დაამარცხა.
ფინალურ შეხვედრამდე მან ესპანელ აარონ სანტამარიას, პორტუგალიელ პედრუ ლიმას და აზერბაიჯანელ ასლან კოცოევს სძლია. საქართველოს ნაკრებისთვის 2025 წლის ძიუდოს 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატზე ეს მეხუთე მედალია.
მანამდე, ვიცე ჩემპიონობა მათე გოგოობერიძემ (-60 კგ) და მათე ბერუაშვილმა (-73 კგ) იზეიმეს, ბრინჯაოს პრიზიორები კი ნინო ლოლაძე (-57 კგ) და კოტე კაპანაძე (-81 კგ) გახდნენ.
ქართველი ძიუდოისტები ევროპის ჩემპიონატზე სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.