Loading data...
ბორჯღალოსნებმა ურუგვაი დაამარცხეს და ჯგუფში პირველი გამარჯვება მოიპოვეს

საქართველოს ნაკრებმა რაგბის ახალ ტურნირზე - ერთა თასზე პირველი მატჩი ჩაატარა და გამარჯვება მოიპოვა.

შედეგად, წარმატებული დებიუტი გამოუვიდა პიერ-ანრი ბრონკანს, რომელმაც პირველად უხელმძღვანელა „ბორჯღალოსნებს“.

საქართველომ ურუგვაი დაძაბულ ბრძოლაში, 41:34 დაამარცხა. ორივე ტაიმი დაძაბული გამოდგა. საქართველომ პირველი ნახევარი 20:15 მოიგო. ლელოები ლუკა მატკავამ და ნიკოლოზ სუთიძემ გაიტანეს, რასაც მატკავას მხრიდან ორი გარდასახვა და ორი ჯარიმაც დაემატა.

მეორე ტაიმის სტარტზე ურუგვაიმ გარდასახული ლელოთი წინ გასვლაც შეძლო, მაგრამ ბრონკანის გუნდმა ამის შემდეგ მოახერხა მობილიზება და თორნიკე ჯალაღონიამ მალევე დაამიწა ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანში - ლელო მატკავამ ისევ ზუსტად გარდასახა. შემდეგ იყო ერთი საჯარიმო და ერთი ალანიას ლელო, რომელიც მატკავამ გარდასახა. ურუგვაელებმა ბოლოს შეამცირეს სხვაობა, თუმცა, მეტი ვერაფერი შეძლეს.

საქართველოს ნაკრებმა ურუგვაის წინააღმდეგ გამარჯვება ზედიზედ მეექვსედ მოიპოვა.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა ტურნირი გამარჯვებით დაიწყო. ივლისში გუნდს კიდევ ორი მატჩი აქვს - 11-ში სამოას და 18-ში ჩილეს შეხვდება.

ურუგვაი - საქართველო 34:41 (15:20)