ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური სამხედრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო თურქეთის მთავრობას და ხალხს სამძიმარს უცხადებს
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, სამსახურის თანამშრომლები და ვეტერანები 11 ნოემბერს თურქული სამხედრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო სამძიმარს უცხადებს თურქეთის მთავრობას და დაღუპულთა ოჯახებს.
„ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, სამსახურის თანამშრომლები, ვეტერანები, მწუხარებას გამოხატავენ საქართველოში თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპული თურქი სამხედრო მოსამსახურეების დაღუპვის გამო და სამძიმარს უცხადებენ დაღუპულთა ოჯახებს, თურქეთის რესპუბლიკის ხელისუფლებას, თურქეთის შეიარაღებულ ძალებს, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს, სამსახურის პარტნიორ ორგანიზაციას - თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს - TIKA-ს და მთელ თურქ ერს“, - აღნიშნულია სამძიმრის ტექსტში.
ინფორმაციისთვის, მიმდინარე წლის 11 ნოემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე აზერბაიჯანის ტერიტორიიდან აფრინდა თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი, რომელმაც საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა და დაახლოებით 5 კმ-ში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში განიცადა კატასტროფა. თურქული სამხედრო C-130 ტიპის თვითმფრინავი აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით ასრულებდა რეისს.
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჩამოვარდნილი თურქული თვითმფრინავის ბორტზე 20 სამხედრო იმყოფებოდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გეკა გელაძის განცხადებით, ამ დროისთვის ნაპოვნია 18 დაღუპულის ცხედარი, ორი ადამიანის სამძებრო სამუშაოები კი გრძელდება.