სანზონაში, რატევანის ქუჩის მიმდებარედ, 10.88 ჰა ფართობზე ტყის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური სანზონაში, რატევანის ქუჩის მიმდებარედ არსებული 10.88 ჰექტარი სატყეო ფართობის აღდგენის სამუშაოებს ახორციელებს. ტერიტორიაზე, ჯამში, 10 170 მწვანე ნარგავი დაირგვება.
აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, მოეწყო მასშტაბური გამწვანების აქცია, რომელშიც მონაწილეობა თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა პაატა ტოგონიძემ მიიღეს.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სატყეო ტერიტორია ფაქტობრივად დეგრადირებულია. ამავე, ტერიტორიაზე, არსებობდა უკანონო შემოღობვები და თვითნებურად მითვისებული იყო 3 ჰექტარი სატყეო მიწა, რომელიც სახელმწიფოს დაუბრუნდა.
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური დედაქალაქში არა მხოლოდ რეკრეაციული სივრცეების განვითარებაზე ზრუნავს, არამედ დიდ ყურადღებას უთმობს ქალაქის გარშემო არსებული ტყეების მოვლა-პატრონობასა და აღდგენას, რომლებიც თბილისის ტერიტორიის 23.6%-ს შეადგენს. 2018 წლიდან დღემდე სამსახური ახორციელებს ტყის გამაჯანსაღებელ და აღდგენით სამუშაოებს, რომლებიც მოიცავს: დეგრადირებულ ტერიტორიებზე ხეების დარგვას, ბუნებრივი განახლების ხელშემწყობ ღონისძიებებს, სანიტარიულ ჭრებსა და ნახანძრალი ან დაზიანებული ზონების გაწმენდას. სამსახურის მიერ 2018-2025 წლებში ტყის აღდგენა-გაშენების სამუშაოები, ჯამში, 140 ჰექტარ ფართობზე განხორციელდა.
ღონისძიებაში, ასევე, მონაწილეობდნენ თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე კოტე ზარნაძე და საკრებულოს სანზონის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ვალერიან პაპუაშვილი. მონაწილეებს ნერგების დარგვაში შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები დაეხმარნენ.