ნათია თურნავამ ბაზელში BIS-ის გადახდებისა და საბაზრო ინფრასტრუქტურის კომიტეტის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ სიმპოზიუმში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ, შვეიცარიაში, ბაზელში საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის (BIS) გადახდებისა და საბაზრო ინფრასტრუქტურის კომიტეტის (CPMI) 35-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ყოველწლიურ სიმპოზიუმში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
სიმპოზიუმის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ინგლისის ბანკის პრეზიდენტმა ენდრიუ ბეილიმ, ავსტრალიის სარეზერვო ბანკის პრეზიდენტმა მიშელ ბალოკმა, ნიდერლანდების ბანკის პრეზიდენტმა ოლაფ სლეიპენმა, კორეის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა ჩანგ იონგმა და მსოფლიოს სხვა ცენტრალური ბანკის მმართველებმა, ასევე საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის გენერალურმა მენეჯერმა, საფრანგეთის ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა და ასევე გადახდებისა და საბაზრო ინფრასტრუქტურის კომიტეტის (CPMI) -ის ყოფილმა თავმჯდომარეებმა.
ცენტრალური ბანკების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ემსჯელათ საგადახდო სისტემების სირთულეებისა და საფინანსო სისტემებში რისკის ზონების გამოვლენის საკითხებზე. დისკუსიების ფარგლებში ინდუსტრიის ლიდერებმა ერთმანეთს გამოცდილება და მათ წინაშე არსებული კონკრეტული გამოწვევები გაუზიარეს.
ნათია თურნავას თქმით, სიმპოზიუმის ფარგლებში შესაძლებლობა მიეცა მოესმინა საერთაშორისო კოლეგების გამოცდილება საგადახდო სისტემებთან დაკავშირებით, ასევე თავის მხრივ, გაეზიარა მათთვის სებ-ის მიდგომები საფინანსო სისტემებში რისკის ზონების გამოვლენასთან დაკავშირებით.
CPMI - გადახდებისა და საბაზრო ინფრასტრუქტურების კომიტეტი მოქმედებს საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის (BIS) ფარგლებში და აკვირდება ფინანსური ბაზრების ინფრასტრუქტურის განვითარებას, ასევე შეიმუშავებს რეკომენდაციებს გლობალური ფინანსური სისტემის გამყარების მიზნით. ის არის მთავარი უწყება, რომელიც აწესებს გლობალურ სტანდარტებს, რომლებიც ხელს უწყობს გადახდის, კლირინგისა და ანგარიშსწორების სისტემების უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის გაუმჯობესებას.
CPMI მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცენტრალურ ბანკებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებაში და საერთაშორისო გადახდების სისტემების მდგრადობის უზრუნველყოფაში.