ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) აზიის წამყვან არქიტექტურულ კომპანიებთან პარტნიორობას იწყებს
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) აგრძელებს აზიის მასშტაბით სტრატეგიული პარტნიორების ქსელის გაფართოებას.
KIU-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის დირექტორი ვახტანგ ცაგარელი და KIU-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი გიორგი ფიფია სამხრეთ კორეის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ არქიტექტურულ კომპანიას - Junglim Architecture ესტუმრნენ და ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
ვახტანგ ცაგარელმა კორეულ მხარეს გააცნო უნივერსიტეტის მზარდი ეკოსისტემა, კამპუსის განვითარების ხედვა და მთავარი პრინციპი - განათლებისა და მეწარმეობის სინერგიული გარემოს ჩამოყალიბების შესახებ. Junglim Architecture-ის წარმომადგენლებმა მაღალი დაინტერესება გამოხატეს ამ პროცესში მონაწილეობით და მზადყოფნა გამოთქვეს, გამოიყენონ საკუთარი გამოცდილება KIU-ს კამპუსზე ინოვაციური სივრცეების შექმნაში.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ KIU-სა და Junglim Architecture-ის თანამშრომლობა დაიგეგმება მრავალმხრივი მიმართულებით და მოიცავს როგორც უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის, ისე საგანმანათლებლო და სამეცნიერო ეკოსისტემის გაძლიერებას. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდება ერთობლივი პროექტები, მასტერკლასები, სტუდენტებისა და პროფესორების გაცვლით პროგრამები, რაც უნივერსიტეტის საერთაშორისო ინტეგრაციას კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს.
გარდა ამისა, კომპანია Junglim Architecture აქტიურად ჩაერთვება KIU-ს გრძელვადიანი სივრცითი და მეწარმეობის განვითარების გენერალური გეგმის დაპროექტების ნაწილში, რაც უნივერსიტეტის ეკოსისტემას კიდევ უფრო გააძლიერებს. შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეები შეთანხმდნენ, რომ დაიწყება ურთიერთთანამშრომლობის კონკრეტული ფორმატების შემუშავება და საპილოტე პროექტების მოდელირება. კომპანია ასევე აქტიურად ითანამშრომლებს KIU-ს არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და დიზაინის სკოლის მიმართულებით, რომელმაც სტუდენტების პირველი ნაკადი 2025-2026 აკადემიური წლიდან მიიღო.
კომპანია Junglim Architecture 1967 წელს დაფუძნდა და ის ცნობილია როგორც სამხრეთ კორეაში, ისე საერთაშორისო დონეზე განხორციელებული ათასზე მეტი მასშტაბური პროექტით. კომპანიის მუშაობა ეფუძნება „სრული დიზაინის“ მიდგომას, რომელიც აერთიანებს სივრცის დაგეგმარებას, ფუნქციურ ლოგიკას, მდგრადობასა და ადამიანზე ორიენტირებულ გადაწყვეტებს ერთიან დიზაინის ხედვაში.