Loading data...
კრწანისში ისფაჰანლის ქუჩის რეაბილიტაცია განხორციელდა

კრწანისის რაიონში ისფაჰანლის ქუჩის რეაბილიტაცია განხორციელდა. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ქვაფენილი, ტროტუარი და ბორდიური, ასევე, რეაბილიტირდა წყალარინების ქსელი. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

შესრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე კახა აბულაძესთან ერთად გაეცნო.

„კრწანისში კიდევ ერთი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი დავასრულეთ. პირველ რიგში, მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომელიც ფაქტობრივად არ არსებობდა. ელექტროგადამცემი ხაზები განთავსდა მიწისქვეშ, მოეწყო და რეაბილიტირდა წყლისა და სანიაღვრე სისტემები. მსგავსი პროექტების განხორციელებას მომავალშიც აქტიურად განვაგრძობთ. ჩვენ მიმდებარე ქუჩების სრული რეაბილიტაციაც განვახორციელეთ. დარჩენილია გრიშაშვილის ქუჩა, რომელსაც აუცილებლად გავაკეთებთ მომდევნო წლების განმავლობაში და ისიც ყველანაირად მოწესრიგდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მერიის ცნობით, გარდა ამისა, ისფაჰანლის ქუჩაზე მოეწყო გრუნტის დამჭერი კედელი და განათების ქსელი. პროექტის ღირებულებამ 527 ათასი ლარი შეადგინა.

დედაქალაქის მერთან ერთად ადგილზე კრწანისის გამგებელი ლაშა ცაგურია და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ლევან ჯაფარიძე იმყოფებოდნენ.