Loading data...
ჯივიპი გახოკიძის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის მასშტაბურ რეაბილიტაციას ახორციელებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 2024 წლის საინვესტიციო გეგმის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - გახოკიძის ქუჩის წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის მეორე ეტაპს ასრულებს.

ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოების მიმდინარეობისას ადგილზე იმყოფებოდნენ სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რევაზ სოხაძე, სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი და ჯივიპის აქტივების მართვის დირექტორი გიგა ნადირაძე.

პროექტში „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 20 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება. გახოკიძის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში სრულად განახლდება 12 კმ-მდე სიგრძის წყალსადენისა და 5 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალარინების მაგისტრალური ქსელები. დამონტაჟდება ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, მოეწყობა საკვანძი ჭები და სახანძრო ჰიდრანტები.

„გახოკიძის ქუჩის რეაბილიტაცია გეგმის მიხედვით, დათქმულ ვადებში მიმდინარეობს. ჯივიპი მართლაც უპრეცედენტო მოცულობის სამუშაოებს ახორციელებს. წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მოხდება და შედეგად ქალაქს კიდევ ერთი კეთილმოწყობილი ქუჩა შეემატება”, - განაცხადა რევაზ სოხაძემ, სამგორის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა.

მიმდინარე ეტაპზე გახოკიძის ქუჩაზე უკვე განახლდა 2 კილომეტრზე მეტი სიგრძის წყალმომარაგებისა და 700 მეტრი სიგრძის წყალარინების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები, დამონტაჟდა 60 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და მოეწყო 7 ერთეული სახანძრო ჰიდრანტი.

„Aqualia-ს 10-წლიანი სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი მიზანი კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ქსელების იდენტიფიცირება და პრიორიტეტიზაციაა. სწორედ ამ გეგმის ფარგლებში განისაზღვრა და დაიგეგმა გახოკიძის ქუჩის წყალსადენისა და წყალარინების მოძველებული ქსელების სრული განახლება. აღნიშნულ ქუჩაზე მდებარე წყალმომარაგების ქსელების კრიტიკული მდგომარეობა იწვევდა ისნის, სამგორისა და კრწანისის რაიონების 128 000 აბონენტისთვის წყალმომარაგების ხშირ შეზღუდვას. გახოკიძის ქუჩაზე მდებარე სათავე ნაგებობიდან გამომავალი 7 მაგისტრალური წყალსადენის რეაბილიტაციის შედეგად თბილისის მოსახლეობის 20%-ზე მეტს გაუუმჯობესდება წყალმომარაგება”, - აღნიშნა გიგა ნადირაძემ, ჯივიპის აქტივების მართვის დირექტორმა.