Loading data...
გივი მიქანაძე: გამოწვევის საპასუხო ნაბიჯი იქნება, რომ გაძლიერდეს ფუნდამენტური საგნების სწავლება, ამ კუთხით მნიშვნელოვანია, სახელმწიფო ენის სწავლება იყოს მაქსიმალურად გაძლიერებული

გამოწვევის საპასუხო ნაბიჯი, პირველ რიგში, იქნება ის, რომ გაძლიერდეს ფუნდამენტური საგნების სწავლება, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ამ კუთხით მნიშვნელოვანია, გავაძლიეროთ ქართული ენისა და ლიტერატურის, საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის სწავლება, სახელმწიფო ენაზე გაკეთდეს განსაკუთრებული პრიორიტეტი, მისი სწავლება უნდა იყოს კიდევ უფრო მაქსიმალურად გაძლიერებული. სასწავლო პროგრამა დღესაც მოიცავს იმ საგნებს, რაზეც ჩვენ აქცენტი გვაქვს, თუმცა ჩვენი მიზანია, გავზარდოთ ის დაფარვა, რომელიც ფუნდამენტურ საგნებთან არის დაკავშირებული და ფუნდამენტურ საგნებში პირველ რიგში, ვგულისხმობ იმ ჰუმანიტარულ საგნებს, რაზეც აქცენტი მქონდა და არანაკლებ გულისხმობ იმ საგნებს, რომელიც სტენ მიმართულების საგნებია, ე.წ. სტენ მიმართულების საგნები, რაც მოიცავს ზუსტად საბუნებისმეტყველო საგნებს, ეს არის მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია“, - განაცხადა მიქანაძემ.

მისი თქმით, ეს ის დეფიციტური მიმართულებებია, რაზეც მთელი ქვეყანა გამოწვევის წინაშე დგას.

„თუ ვნახავთ იმ მიმართულებებს, რაც, თუნდაც უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის კონცეფციას საფუძვლად დაედო, სწორედ ბაზრის მოთხოვნების და საჭიროებების, გამოწვევების საკითხია, რომელიც დეფიციტური პროფესიების კუთხით პასუხსაც გულისხმობს, რომ ამ მიმართულებით ჩვენ პროფესიონალები აღვზარდოთ, მაგრამ ეს პროცესი უნდა დაიწყოს ჯერ და ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად დავტვირთოთ ის მიმართულებები, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის, ასევე ჩვენი მოქალაქეებისთვის, იმისთვის, რომ მათ შესაბამისი პროფესია შეიძინონ კარიერული წინსვლის თვალსაზრისით და სამომავლოდ ჰქონდეთ შესაბამისი ღირსეული ანაზღაურება“, - აღნიშნა მიქანაძემ.

როგორც განათლების მინისტრმა აღნიშნა, რამდენიმე კვირის წინ ჩაატარეს სამდღიანი გასვლითი ღონისძიება, სადაც საქართველოს მასშტაბით ასზე მეტი პედაგოგი, რესურსცენტრის თანამშრომელი, ექსპერტი ხარისხის განვითარების სამსახურიდან, ასევე უმაღლესი განათლების მიმართულების წარმომადგენლები შეკრიბეს და მათთან ერთად განიხილეს ქართულის, ისტორიისა და გეოგრაფიის მიმართულებები.

„მე დავესწარი ამ შეხვედრის გარკვეულ ნაწილს და უთხარი მათ, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, ვიცოდე პრაქტიკოსი ადამიანების მხრიდან, რა საჭიროებების წინაშე ვდგავართ, თქვენ უნდა გვითხრათ, რა გამოწვევები გვაქვს და როგორ შეგვიძლია, ცოდნა უფრო გავაღრმაოთ. მხოლოდ ჩვენი მიღებული გადაწყვეტილება, სამინისტროს დონეზე, ვერ იქნება სრულფასოვანი, ვერ იქნება ისეთი ხარისხიანი, რა თქმა უნდა, ინკლუზიურობა არ იქნება უზრუნველყოფილი.

მინდა, გითხრათ, რომ ძალიან წარმატებული სამდღიანი შეხვედრა გამოვიდა, სადაც დაახლოებით, ასზე მეტი საკითხი იქნა მათი მხრიდან წამოწეული და ეს ყველაფერი გათვალისწინებული იქნა პროგრამაში, რა უნდა იყოს, რაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტირება და მინდა გითხრათ, რომ ის დოკუმენტი, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ, ძალიან განსხვავდება მოქმედი დოკუმენტისგან და მათი ხედვები, მათი კონკრეტული წინადადებები, მათი რეკომენდაციები მაქსიმალურად გათვალისწინებული იქნა და აისახა იმ სტანდარტში, რომლის საფუძველზეც ჩვენ შემდგომში სახელმძღვანელოების შემუშავება უნდა დავიწყოთ“, - განაცხადა მიქანაძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია პრაქტიკოსი ადამიანების პოზიციები, რომლებიც უშუალოდ ამ სასწავლო პროგრამის განმახორციელებლები არიან და მათი მხრიდან უნდა იქნეს მოსმენილი, რა საჭიროებების წინაშე ვდგავართ, რა უნდა იყოს ასახული ამ პროგრამაში და როგორ შეიძლება მისი ისე დახვეწა და ისე ფორმირება, რომ მთავარ შედეგზე გავიდეთ, რომ მივიღოთ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, პასუხისმგებლობის გრძნობით აღჭურვილი, კონკურენტუნარიანი მოქალაქე, რომელსაც აქვს სრულფასოვანი ზოგადი განათლება.