Loading data...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ პლასტიკის ნარჩენების შემცირების მიზნით შემუშავებული რეგულირების საკითხები პარლამენტში განიხილეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა, მინისტრის მოადგილეებმა სოლომონ პავლიაშვილმა და ზურაბ ეზუგბაიამ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან არსებული ბიზნესსექტორთან თანამშრომლობის სამუშაო ჯგუფის ფორმატში
პლასტიკის ნარჩენების შემცირების მიზნით შემუშავებული რეგულირების საკითხები განიხილეს.

სამუშაო ჯგუფს საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე ხელმძღვანელობდა.

მინისტრის პირველმა მოადგილემ ისაუბრა ქვეყნისთვის გარემოს დაბინძურების შემცირების, ნარჩენების მართვის რეგულირების და მწვანე ეკონომიკის განვითარების აუცილებლობის საკითხებზე და ხაზგასმით აღნიშნა ამ პროცესში ბიზნესსექტორთან კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობა.

როგორც ნინო თანდილაშვილმა განაცხადა, სექტორთან მჭიდრო კომუნიკაციით მნიშვნელოვანია ისეთი რეგულაციების შემუშავება, რომელიც ჯანმრთელობის, გარემოს დაცვის და ეკონომიკურ საჭიროებებს დაარეგულირებს.

მინისტრის პირველმა მოადგილემ ისაუბრა ცვლილების შესახებ, რომელიც პლასტმასისაგან დამზადებული პლასტმასის ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების, სასმლის მოსარევების და გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული სასურსათო კონტეინერების/ჭიქების და მათი თავსახურების, წარმოების, იმპორტის და ბაზარზე განთავსების აკრძალვას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ ცვლილება შეეხება იმ კვების ობიექტებს, რომლებიც მომხმარებლებს მზა სურსათს პლასტმასისგან დამზადებული, ერთჯერადი სასურსათო კონტეინერების და ჭიქების საშუალებით სთავაზობენ.

ნინო თანდილაშვილის განცხადებით, ბიზნესსექტორის აქტიური ჩართულობით, სამინისტრო აგრძელებს მუშაობას პლასტიკის მოხმარების შემცირების მიმართულებით, მათ შორის პლასტიკის ბოთლებში ჩამოსხმული წყლის შესყიდვისა და გამოყენების რეგულირების საკითხებზე.

შეხვედრის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება რეგულაციების ამოქმედების ვადებზე გამახვილდა.

როგორც მაია ბითაძემ განაცხადა, ნარჩენების მდგრადი მართვა ქვეყნის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და მეტი ეფექტიანობისთვის სამუშაო პროცესებში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ჩართულობის სურვილი გამოთქვა.

განხილვას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრები და ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელი პირები და სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში, ყოველწლიურად, დაახლოებით 612,5 მილიონი ერთეული ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის ჭიქა, თავსახური, საკვების კონტეინერი, დანა, ჩანგალი, კოვზი, ე.წ. „საწრუპი, თეფში და სასმლის მოსარევი მოიხმარება, რაც ჯამურად 3.9 - 5.9 ათას ტონა პლასტიკს შეადგენს.