Loading data...
Airbus-ის წარმომადგენელი: საქართველომ წარმატებით განახორციელა საჰაერო ხომალდის და აეროდრომის ხელოვნური საფარის საკლასიფიკაციო მაჩვენებლის ახალი მეთოდოლოგიის დანერგვა

მეორე დღეა, თბილისში საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) მასპინძლობით სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის - ICAO-ს რეგიონული შეხვედრა იმართება. ICAO-ს სამუშაო შეხვედრა, რომელიც კომპანია Airbus-თან თანამშრომლობით მიმდინარეობს, მიზნად ისახავს აეროპორტებში ფრენების უსაფრთხოების ამაღლებისთვის საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის მიერ ახალი სტანდარტებისა და მოთხოვნების ეფექტიან დანერგვას.

კომპანია Airbus-ის წარმომადგენლის, სირილ ფაბრეს განცხადებით, საქართველომ ICAO-ს ახალი მოთხოვნების შესაბამისად წარმატებით განახორციელა საჰაერო ხომალდის და აეროდრომის ხელოვნური საფარის
საკლასიფიკაციო მაჩვენებლის (ACR/PCR) ახალი მეთოდოლოგიის დანერგვა. მისი თქმით, საჰაერო ხომალდების მიმართულებით საქართველოში ყველაზე მეტი პროცენტულობით Airbus-ის ტიპის სამგზავრო ხომალდები დაფრინავენ. განსაკუთრებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც ძირითადად A321neo, A321ceo, და A320neo/ceo გვხვდება.

„Airbus-ის მხრიდან ICAO-სთან ერთად ვმუშაობთ ხელოვნური საფარისა და საჰაერო ხომალდებისა ახალი კლასიფიკაციის შეფასების სისტემის დანერგვაზე. აქ ვართ იმისთვის, რომ დეტალურად ავუხსნათ ICAO-ს წევრ ყველა ქვეყანას ახალი კლასიფიკაციის არსი, რათა შემდეგ მათ მსოფლიოს მასშტაბით აეროპორტებში დანერგონ“, - აცხადებს სირილ ფაბრე.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მასთან დაკავშირებული სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დასრულების შემდეგ აეროპორტი შეფასდება ICAO-ს ხელოვნური საფარის ახალი შეფასების სისტემით.