„სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა“ - მუქარისა და შემაკავებელი ორდერის დარღვევის ბრალდებით 1 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, მუქარისა და შემაკავებელი ორდერის დარღვევის ბრალდებით, 1999 წელს დაბადებული ნ.ი. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში ფსიქოლოგიურად იძალადა 2000 წელს დაბადებულ მ.კ.-ზე, რის გამოც მის მიმართ გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი.
ნ.ი.-მ დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მ.კ.-ს, რის გამოც პოლიციამ ნ.ი. ბრალდებულის სახით დააკავა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე და 381-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ინფორმაციისთვის, დანაშაულები 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.