Loading data...
პროკურატურამ თაღლითობის მცდელობის და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების და მოტყუებით თანხის დაუფლების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ განცხადებას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის 26 ნოემბერს, ქალაქ რუსთავში, ბრალდებულებმა ფინანსური სარგებლის მოტყუებით მიღების მიზნით, მათივე სარგებლობაში არსებული ავტომობილი განზრახ შეაჯახეს დაზარალებულის ავტომობილს, რითაც მას 2300 ლარის ზიანი მიაყენეს. აღნიშნული ქმედებით ბრალდებულებმა ხელოვნურად შექმნეს ვითარება, რომლის მიხედვითაც თითქოსდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა დაზარალებულის ბრალეულობით იყო გამოწვეული და მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, მას 600 აშშ დოლარი მოსთხოვეს.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად და სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მცდელობა მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ, რასაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

გამოძიებით ასევე დგინდება, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში, ბრალდებულებს სავარაუდოდ იდენტური დანაშაულებრივი სქემის გამოყენებით საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების 63 ფაქტი უფიქსირდებათ, საიდანაც 60 შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოებისას ისინი გამართლდნენ.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოხდება ყველა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დეტალური შესწავლა, ხოლო შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გამოვლენისას გაუქმდება დაზარალებულ პირებზე დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმები და მოხდება როგორც ფიზიკური, ისე სადაზღვევო კომპანიებზე მიყენებული მატერიალური ზიანის დადგენა“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.