ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური: ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, 30 მილიონი ლარის ღირებულების ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინის“ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მებაჟე ოფიცრებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთობლივად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და ოპერატიული საქმიანობის ფარგლებში, კიდევ ერთი წარმატებული ღონისძიება განახორციელეს. კერძოდ, აღმოჩენილი იქნა 30 მილიონი ლარის ღირებულების განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ნარკოტიკული ნივთიერება „მეტამფეტამინი“. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
„შესაბამისი რისკის მოდულების ანალიტიკურად დამუშავების შედეგად, შეჩერებული იქნა საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი, სატვირთო ავტომობილი, რომლის მისაბმელში განთავსებული ტვირთის დეტალური დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა 103 კილოგრამამდე „მეტამფეტამინი“ მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ავტომობილი საქართველოში სასაზღვრო გამტარ პუნქტ „სადახლო საავტომობილოდან“ შემოვიდა და ბულგარეთის მიმართულებით ცდილობდა გადაადგილებას.
აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება სატვირთო ავტომობილის მისაბმელ განყოფილებაში, საწარმოო დანიშნულების ქიმიური ნივთიერების - კაუსტიკური სოდის (ნატრიუმის ჰიდროქსიდი) გრანულირებულ ფრაქციასთან მიმსგავსებული ფხვნილის სახით, წინასწარ დამზადებულ ტომარებში იყო განთავსებული.
შემოსავლების სამსახური, დამატებით, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საბაჟო საზღვარზე შემოსული მაღალი რისკის მქონე ტვირთების უმკაცრესი კონტროლი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება და საქართველოს ტერიტორია არასდროს გახდება ნარკოტრანზიტის კორიდორი“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.