შუახევის მერი ომარ ტაკიძე ხალხური ცეკვების საერთაშორისო ფესტივალში მონაწილე ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ზე-კართან“ და ვოკალურ ანსამბლ „შუახევის“ წევრებს შეხვდა
შუახევის მერი ომარ ტაკიძე ხალხური ცეკვების საერთაშორისო ფესტივალში მონაწილე ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ზე-კართან“ და ვოკალურ ანსამბლ „შუახევის“ წევრებს შეხვდა და წარმატებები უსურვა. ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ აფიონყარაჰისარში გამართულ ფესტივალში სხვადასხვა ქვეყნის ანსამბლები მონაწილეობდნენ. შუახევის კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლები ფესტივალში შუახევის მერიისა და აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით მონაწილეობდნენ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის და კულტურის ცენტრის თანამშრომლები, რომლებმაც ისაუბრეს დაგეგმილ ღონისძიებებსა და ახალ ინიციატივებზე.
ომარ ტაკიძის განცხადებით, პრიორიტეტად რჩება კულტურის სფეროს მხარდაჭერა და ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტის სათანადოდ წარმოჩენა. მერმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ტრადიციების, ფოლკლორის შენარჩუნებაზე, ანსამბლების რეპერტუარის განახლებაზე, საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობაზე, სხვადასხვა აქტივობების განხორციელების ხელშეწყობასა და პოპულარიზაციაზე, რაც მუნიციპალიტეტის კულტურულ ცხოვრებას უფრო მრავალფეროვანს გახდის.