ვოლსკი - „ნაცმოძრაობის“ წიაღში შეიქმნა სამსახური, სადაც ადამიანები დასაქმებული არიან სხვადასხვა მიმართულებით, კანდელაკი დეზინფორმაციის მიმართულების თვალსაჩინო წარმომადგენელია
„ნაცმოძრაობის“ წიაღში შეიქმნა ინსტიტუტი, სამსახური, სადაც ადამიანები დასაქმებული არიან სხვადასხვა მიმართულებით. ერთნი გეგმავენ და ახორციელებენ ფიზიკური დაპირისპირების სცენარს, მეორენი ინტენსიურად გამოდიან პროპაგანდისტული რესურსით. მით უმეტეს, რომ საკმაო მედიასაშუალება აქვთ ამისთვის“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკი გამოეხმაურა გამოცემა „ვაშინგტონ ფრი ბიკონის“ მიერ გიორგი კანდელაკის თანაავტორობით მომზადებულ ანგარიშზე დაყრდნობით სტატიის გამოქვეყნებას.
ვოლსკის თქმით, გიორგი კანდელაკი დეზინფორმაციის მიმართულების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სივრცეში.
გია ვოლსკი ამბობს, რომ გიორგი კანდელაკი ეწევა მოღალატეობრივ საქმიანობას და საქართველოსთვის ზიანის მიყენების ინტერესებს ემსახურება.
„არსებობს სპეციალური სამსახური, რომელიც ავრცელებს დეზინფორმაციას და ეს სამსახურები დაფინანსებულია, ხელფასს იღებენ, გარკვეული პოლიტიკური ინტერესიც აქვთ. ის, რომ საქართველოში კამპუსებია და ტერორისტები მზადდება, არის მოგონილი თემა, რათა დაიწეროს ზუსტად ისეთი სტატია, რომელიც ჯო უილსონის კარნახითაა ჩამოყალიბებული. ეს სტრატეგია გრძელდება. ადრე ჩინეთი იყო დღის წესრიგში, ახლა ირანია, ვინაიდან ამერიკის შეერთებულ შტატებს ამ სივრცეში გარკვეული დაპირისპირება და თავისი დიდი პოლიტიკური მიზნები აქვს. რასაკვირველია, პატარა საქართველოსთვის ზიანის მიყენება არის თემა, რომელიც აინტერესებთ. „ომის პარტიას“ დავუძახებთ, „დიფ სთეითს“, თუ „ოლიგარქიულ ოჯახებს“, ეს არის თემა, რომელსაც რეალურად ემსახურება კანდელაკი. ეს მხოლოდ ცუდი საქციელი და დეზინფორმაცია არ არის, ეს არის პირდაპირ მოღალატეობრივი საქმიანობა, ორგანიზებული, დაფინანსებული და პოლიტიკურად მხარდაჭერილი“, - აცხადებს გია ვოლსკი.