თენგიზ შარმანაშვილი ალეკო ელისაშვილზე: ვერავინ დამაჯერებს, რომ ეს იდეა მის თავში დამოუკიდებლად დაიბადა, რა თქმა უნდა მის უკან იდგნენ ადამიანები, რომლებმაც უბიძგეს ამისკენ
„წმინდა სამართლებრივი კუთხით კვალიფიკაცია უტყუარია, ნამდვილად ტერორიზმია“, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა ალეკო ელისაშვილზე საუბრისას.
მისივე თქმით, ელისაშვილი ასახელებს პოლიტიკურ მოტივებს, რომ მას უნდოდა სასამართლოს პარალიზება, ვინაიდან არ მოსწონდა მისი გადაწყვეტილებები.
„როდესაც ასეთი მოტივი გაქვს და ასეთ ძალადობრივ აქციას დააპირებ, რა თქმა უნდა ეს ცალსახად ტერორიზმია. შეიძლება პარტიის წევრობიდან ვერ გარიცხო, მაგრამ განცხადება ხომ შენი დაწერილია და თავგანწირულ ადამიანს რატომ ეძახი მას, მოსაწონი ელემენტებია ტერორისტულ აქტში? ის ნარატივი, რომლის შეკვეთაც აქვთ, რომ უნდა გაამართლონ სხვადასხვა ფორმებით ეს ტერორისტული აქტი , ეს ამის გამოძახილია“, - აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.
შარმანაშვილმა ისაუბრა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ ტერორიზმის რომანტიზებაზეც.
„წერდნენ, რომ ტერორიზმი არის ერთ-ერთი საშუალება თავისუფლებისთვის ბრძოლისკენ მიმავალ გზაზე. ამის პროპაგანდა არის პირდაპირ დანაშაული, მაგრამ ამაში უზარმაზარი თანხები იხარჯებოდა. დაჯგუფებები, რომლებიც უცხოეთიდან ამ პროპაგანდას ხელმძღვანელობდნენ, ისინი მოქმედებებსაც მოითხოვდნენ ალბათ ამ პროპაგანდის შემდეგ. უნდოდათ, რომ ეს ტერორისტული აქტი ჩაედინა ალეკო ელისაშვილს. მე ვერავინ დამაჯერებს, რომ ეს მის თავში დამოუკიდებლად დაიბადა. რა თქმა უნდა მის უკან იდგნენ ადამიანები, რომელმაც უბიძგეს ამისკენ“, - განმარტა შარმანაშვილმა.
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ასევე განიხილა „ალდეს“ მიერ ელისაშვილის ქმედების არ დაგმობაც.
„მთელ ამ პროპაგანდაში, რაზეც ვსაუბრობდით ამ სიძულვილის ენის დანერგვაში, ფეიკ ახალი ამბების გავრცელებასა და ყველა იმ მეთოდოლოგიაში, რომელზეც ვსაუბრობდით, „ალდეც“ იღებდა მონაწილეობას. გემახსოვრებათ ის რეზოლუციები, რომელსაც იღებდა ევროპარლამენტი და წარმოუდგენელი ფაქტები მოჰყავდათ, რომელიც ბუნებაში არ მომხდარა. ამ დოკუმენტების ერთ-ერთი ინიციატორი „ალდეც“ იყო ხოლმე. „ალდესგან“ ჩვენ რამე სხვას არ უნდა ველოდოთ, რომ გადადგამს რაიმე ისეთ ნაბიჯს, რომელიც იქნება სამართლიანობასთან ახლოს, რადგან ისინი თვითონ არიან შემოქმედები იმისა, რაც წლების განმავლობაში ინერგებოდა საქართველოში“, - დასძინა თენგიზ შარმანაშვილმა.