შალვა პაპუაშვილი: კიდევ ერთხელ გამოაშკარავდა ქსელი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ ავრცელებს პროპაგანდას და ჰიბრიდული ომის ტაქტიკებით, დეზინფორმაციით ცდილობს, დააზიანოს ქვეყანა
უკრაინის სამხედრო ფორმაში გამოწყობილი პედიატრი, რომელსაც სუს-ში მისვლის ეშინია, მგონი, საზოგადოება იცნობს ამ ადამიანს, არის რადიკალური ძალადობრივი აქციების მონაწილე. ასე რომ, გასაკვირი არ არის, რომ ის ჩართული იყო საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ შეთქმულებაში. ეს ჩვენ ცოტა ხნის წინ ვიხილეთ, როდესაც ცდილობენ, ცრუ ნარატივებით და ჰიბრიდული ომის ტაქტიკებით დააზიანონ საქართველო, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა ექიმ კონსტანტინე ჩახუნაშვილთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე.
პაპუაშვილის თქმით, ჭორიკანა ქართველების მონათხრობზე აწყობილ „ბიბისის“ სიუჟეტში, როგორც კი საქმე საქმეზე მიდგა, ყველამ სიმხდალე გამოიჩინა და დაიწყო თავისი კომენტარების, ჩვენების გადათქმა.
„ჩვენ განვაცხადეთ კიდეც, რომ ამ ცილისწამების წინააღმდეგ სამართლებრივადაც ვიმოქმედებთ, რათა „ბიბისი“, რომელიც უკვე მერამდენედ იქნა მხილებული ცილისწამებაში. აგერ წინ ელოდება 5- მილიარდიანი დავა ტრამპთან. არ ვიცი, რაც დაიმატებს და რას არ დაიმატებს, მაგრამ მის რეპუტაციას რომ ნამდვილად ბევრ რამეს აკლებს, უკვე დიდი ხანია, ფაქტია.
ჩვენ ვნახეთ, რომ ამ ჭორიკანა ქართველების მონათხრობზე აწყობილი სიუჟეტი, როგორც კი საქმე საქმეზე მიდგა, ყველამ გამოიჩინა სიმხდალე და დაიწყო თავისი კომენტარების, ჩვენების გადათქმა. უკრაინის სამხედრო ფორმაში გამოწყობილ პედიატრსაც, ჩანს, რომ ზუსტად ასეთი დამოკიდებულება აქვს. ახლა დაიწყო უარყოფა, რომ მას თითქოს არ უთქვამს.
ეს არის საერთო ჯამში – ადამიანები, როცა მათ ჩააგდებენ ასეთ მდგომარეობაში, რა დროსაც საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ მოქმედებენ, მერე მიატოვებენ ისე, როგორც ბევრი მიუტოვებიათ, თავისთავად, შემდეგ ცდილობენ გამოსავლის პოვნას. ამ საკითხზე, როგორც ჩანს, იფიქრეს, რომ დააბრალებდნენ საკუთარ ქვეყანას და უცხოელები საქართველოს დააბრალებდნენ რაღაცებს. შემდეგ ამას ატრიალებდნენ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მაგრამ არ ელოდნენ, რომ სახელმწიფო ამას სერიოზულად შეხედავდა და გამოძიებაც დაიწყებოდა. ახლა კეთილი ინებოს ყველამ და მისცენ ჩვენებები გამოძიებას, გამოვლინდება ვინ არის მართალი, რა არის ტყუილი, ვინ ვის სწამებს ცილს და ა.შ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, გუშინ კიდევ ერთხელ გამოაშკარავდა ის ქსელი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ პროპაგანდას ავრცელებს და ჰიბრიდული ომის ტაქტიკებით, დეზინფორმაციით ცდილობს, დააზიანოს ქვეყანა.
„ასე ხომ არ ხდება, რომ ტელევიზორში უყურა სხვადასხვა ჯგუფმა გადაცემას და ყველამ ასე შეხმატკბილებულად, ორკესტრირებულად ერთი ნარატივით ამოქმედდნენ.
ჩვენ ვნახეთ გუშინ კლასიკური მაგალითი ჰიბრიდული ომის ტაქტიკის გამოყენებისა საქართველოს წინააღმდეგ, რომელშიც ჩართული იყო, ერთი მხრივ, კომპრომიტირებული მედია „ბიბისის“ სახით, მეორე მხრივ, ჩართული ჰყავდათ ადგილობრივი, ქართული თავისი აგენტები, რომლებიც პირდაპირ დალაგებული ნარატივით ალაპარაკდნენ. ნახეთ პეტიცია, განცხადება, ენჯეო, პოლიტიკა, პარტიები ერთმანეთში არეული.
რაც მთავარია, ვიხილეთ ჩვენთვის კარგად ნაცნობი ევროკომისიის პრესსპიკერი, რომელმაც უკვე მერამდენედ გამოავლინა თავისი განსაკუთრებული „დამოკიდებულება“ ქართველი ხალხის მიმართ და პირდაპირ ბრალდებები წამოაყენა საქართველოს წინააღმდეგ. ეს ის ადამიანია, რომელმაც 4 ოქტომბრის ხელისუფლების დამხობის შეკრებას მხარი დაუჭირა და სოლიდარობა გამოუცხადა.
დღემდე გამოდის და ბედავს საქართველოზე საუბარს ისე, რომ ბოდიშიც არ მოუხდია, განმარტებაც არ გაუკეთებია ხელისუფლების დამხობის თავყრილობას სოლიდარობას რომ უცხადებდა ბრიუსელის ტრიბუნიდან. ასე რომ, გუშინ კიდევ ერთხელ გამოაშკარავდა ის ქსელი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ პროპაგანდას ავრცელებს და ჰიბრიდული ომის ტაქტიკებით, დეზინფორმაციით ცდილობს, დააზიანოს ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.