Loading data...
პრემიერი: საქართველოში სახელმწიფოებრიობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების განმტკიცებაში ბიძინა ივანიშვილის როლი სრულიად განსაკუთრებულია, ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკის გროსმაისტერი და მას უყვარს საკუთარი ხალხი და ქვეყანა

საქართველოში სახელმწიფოებრიობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების განმტკიცებაში ბიძინა ივანიშვილის როლი სრულიად განსაკუთრებულია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკის გროსმაისტერი და მას უყვარს საკუთარი ხალხი და ქვეყანა.

„ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ქვეყნის გარე მტრების და მათი ადგილობრივი აგენტურის აგრესიისა და პოლიტიკური თავდასხმის მთავარი ობიექტი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. მათი მტკიცებით, ქვეყანა არა დემოკრატიული წესებით, არამედ ერთპიროვნულად, ბიძინა ივანიშვილის მიერ იმართება.

გარდა ამისა, ისინი დემოკრატიული წესით არჩეულ ხელისუფლებას „ივანიშვილის რეჟიმად“ მოიხსენიებენ, რითაც ცდილობენ 2012 წლიდან დამკვიდრებული დემოკრატია ავტოკრატიად წარმოაჩინონ. ამგვარი გზავნილები მოვისმინეთ შაბათის და გუშინ გამართულ სატელევიზიო დებატებზეც, რის შემდეგაც გადავწყვიტე, ამ საკითხზე ქართული საზოგადოების წინაშე ჩემი პოზიცია გამომეხატა.

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში სახელმწიფოებრიობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების განმტკიცებაში ბიძინა ივანიშვილის როლი სრულიად განსაკუთრებულია. რამდენჯერმე ვთქვი და ერთხელ კიდევ მინდა აღვნიშნო, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკის გროსმაისტერი და მას უყვარს საკუთარი ხალხი და ქვეყანა. მისი პოლიტიკური წონა სწორედ ამ ორ ძირითად ფაქტორს ეფუძნება: გამორჩეულ ინტელექტს და უანგარო პატრიოტიზმს.

სწორედ ამ ორმა თვისებამ შეაძლებინა მას 2012 წელს ის, რაც ყველას შეუძლებელი ეგონა: გროსმაისტერულად ჩამოეშორებინა ძალაუფლებას უცხოური აგენტურა, რომელსაც ქვეყნის გარედან ყოველგვარ ძალადობაზე მწვანე შუქი ჰქონდა ანთებული.

იმ დროს, როდესაც არ ჩანდა არავითარი ძალა, რომელიც უცხოური აგენტურის სისხლიან რეჟიმს კუთვნილ ადგილს მიუჩენდა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თეთრი ხელთათმანებით, ყოველგვარი ძალადობისა და შეურაცხყოფის გარეშე, რეჟიმი ძალაუფლებას ჩამოაშორა და ქვეყანაში ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული დემოკრატიული მმართველობა დაამკვიდრა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.