Loading data...
პრემიერი: ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპი კიდევ უფრო მეტ შედეგებს მოიტანს ქართულ-ჩინური ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით

დაახლოებით 3 წლის წინ გაფორმდა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება საქართველოსა და ჩინეთს შორის და ახლა უკვე გადავდივართ შემდეგ ეტაპზე, ეს არის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის შეფასებით, ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპი კიდევ უფრო მეტ შედეგებს მოიტანს ქართულ-ჩინური ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით.

„ეს არის ის საკითხი, რაც საგანგებო სამთავრობო ბრიფინგსაც იმსახურებს. დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. დაახლოებით 3 წლის წინ გაფორმდა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება საქართველოსა და ჩინეთს შორის და ახლა უკვე გადავდივართ შემდეგ ეტაპზე, ეს არის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპი.

ამ სამმა წელიწადმა ძალიან ბევრი რამ მოიტანა ორმხრივი ურთიერთობებისთვის. ძალიან გაღრმავდა ჩვენი პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები, რაც კონკრეტულ ქმედებებშიც იყო გამოხატული, მათ შორის, ორმხრივად, იცით, რომ უვიზო მიმოსვლა დაწესდა, გვაქვს პირდაპირი ფრენები, ემატება ახალი ფრენები წელს, რაც უზრუნველყოფს მეტ მობილობას საქართველოსა და ჩინეთს შორის. ასევე, სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით გვაქვს ძალიან კონკრეტული, ხელშესახები შედეგები. ეს მოიტანა 3 წლის წინ გაფორმებულმა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებამ.

ახლა გადავდივართ უკვე ახალ ეტაპზე ჩვენი ურთიერთობების, ეს არის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპი, რაც კიდევ უფრო მეტ შედეგებს მოგვიტანს ქართულ-ჩინური ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელსაც დღეს მოეწერა ხელი“, - განაცხადა პრემიერმა.