პრემიერი: გზების მოვლა-შენახვისთვის, ვფიქრობ, რომ სწორია სახელმწიფო კომპანიის შექმნა იმისათვის, რომ ჩვენ გვქონდეს სტაბილური რესურსი, რომელიც ხარისხზეც აიღებს პასუხისმგებლობას და ორმაგი ეფექტი ექნება ამ ინიციატივას - კომპანიის შექმნა მოგვცემს საშუალებას, საკმარისად გვქონდეს მობილიზებული სპეცტექნიკა, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, სტიქიასთან გასამკლავებლად იქნება გამოყენებული
გზების მოვლა-შენახვისთვის, მე ვფიქრობ, რომ სწორია სახელმწიფო კომპანიის შექმნა იმისათვის, რომ ჩვენ გვქონდეს სტაბილური რესურსი, რომელიც ხარისხზეც აიღებს პასუხისმგებლობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ამ ინიციატივას ექნება ორმაგი ეფექტი და კომპანიის შექმნა სახელმწიფოს მისცემს საშუალებას, მობილიზებული ჰქონდეს სპეცტექნიკა, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, სტიქიასთან გასამკლავებლად იქნება გამოყენებული.
„ორმაგი ეფექტი ექნება ამ ინიციატივას, ერთი, რომ ხარისხთან დაკავშირებით მუდმივად იყო პრობლემები, როცა კერძო კომპანიები იყვნენ ჩართულები ამ მომსახურების გაწევაში. ჩვენ გვინდა, შევქმნათ სტაბილური რესურსი, რომელიც ხარისხის გარანტიაც იქნება და მუდმივი კონტროლის ქვეშ იქნება, რა თქმა უნდა, ეს პროცესი. ეს არ ეხება გზის დაგებას, ბუნებრივია. მოვლა-შენახვისთვის, მე ვფიქრობ, რომ სწორია სახელმწიფო კომპანიის შექმნა იმისათვის, რომ ჩვენ გვქონდეს სტაბილური რესურსი, რომელიც ხარისხზეც აიღებს პასუხისმგებლობას. მეორე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თქვენ იცით, რომ ჩვენ ხშირად გვიწევს ხოლმე სტიქიურ პრობლემებთან გამკლავება, რასაც სჭირდება, მათ შორის, სხვადასხვა ტიპის სპეცტექნიკა. ამ კომპანიის შექმნა ჩვენ მოგვცემს საშუალებას, რომ საკმარისად გვქონდეს მობილიზებული აღნიშნული კომპანიის ქვეშ სპეცტექნიკა, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, სტიქიასთან გასამკლავებლად იქნება გამოყენებული. ანუ, ორმაგი ეფექტი ექნება ამ ინიციატივას. ერთობლივად შეგვიძლია დავაკვირდეთ, თუ რამდენად ხარისხიანი იქნება ამ კომპანიის საქმიანობა. რაც შეეხება კერძო კომპანიებს, მიუხედავად იმისა, რომ კონკურენციაც იყო, ფასებიც შედარებით მაღალი იყო, სამწუხაროდ, ხარისხი არ იყო უზრუნველყოფილი“, - აღნიშნა პრემიერმა.