პაპუაშვილი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე: მნიშვნელოვანია ჩვენს ორმხრივ ურთიერთობაზე საუბარი, რეგიონში არსებული დინამიკა - სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემდეგ წინ უნდა გავიხედოთ
„უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია ჩვენს ორმხრივ ურთიერთობაზე საუბარი და ასევე რეგიონში არსებული დინამიკა“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოში ვიზიტით მყოფ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე განსახილველ საკითხებზე საუბრისას.
შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საუბარი შეეხება ასევე, თუ როგორ აფასებს სომხეთი რეგიონში არსებულ დინამიკას და რა საერთო გეგმებია ამ მხრივ.
„სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემდეგ წინ უნდა გავიხედოთ და რეგიონის, როგორც საერთო სივრცის განვითარებაზე ვიფიქროთ, ყველამ ერთმანეთი უნდა გავაძლიეროთ იმ საქმეში, რომელიც თითოეული ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი. ეს არის ქვეყნის სუვერენიტეტის გამყარება და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა.
ამ მხრივ ვხედავთ, რომ სომხეთიც და აზერბაიჯანიც სწორ პოლიტიკას ატარებენ იმ მხრივ, რომ ცდილობენ, საკუთარი ხალხის საკეთილდღეოდ ყველა მიმართულებით, ყველასთან ითანამშრომლონ. არ იქცევიან ისე, როგორც ჩვენი გარედან მართული რადიკალური ოპოზიცია ფიქრობს ხოლმე, რომ არ უნდა გაიხედო არსაითკენ და მხოლოდ ბრიუსელის მითითებებს დაელოდო. ამიტომ ჩვენ ამ საკითხებზეც გვექნება საუბარი, როგორ აფასებენ ისინი რეგიონში არსებულ დინამიკას და რა საერთო გეგმები გვაქვს ამ მხრივ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოში ვიზიტით სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი იმყოფება.