ნიკოლოზ სამხარაძე Ipsos-ის კვლევაზე: ყველაზე საგანგაშო არის ის, რომ ევროპულ საზოგადოებას აღარ სჯერა თავისი ხელისუფლებების, იმიტომ, რომ დემოკრატიას ძირი გამოეთხარა ყალბი ნიუსებით, ორმაგი სტანდარტებით და დეზინფორმაციით
ყველაზე საგანგაშო არის ის, რომ ევროპულ საზოგადოებას აღარ სჯერა თავისი ხელისუფლებების და აღარ სჯერა, რომ დემოკრატია არის ყველაზე კარგი მმართველობის ფორმა, იმიტომ რომ თვითონ დემოკრატიას ძირი გამოეთხარა ყალბი ნიუსებით, ორმაგი სტანდარტებით და დეზინფორმაციით, - ასე ეხმიანება პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე, Ipsos-ის კვლევას, რომლის თანახმადაც დასავლეთის ამომრჩეველთა თითქმის ნახევარი უკმაყოფილოა დემოკრატიის დონით.
სამხარაძის განცხადებით, დასავლეთის მიერ საქართველოსთან მიმართებით გამოყენებული ორმაგი სტანდარტი ევროპული საზოგადოებისთვისაც ხილულია.
„თითქოს საერთოდ არ ყოფილა შარშან ნოემბერში პარლამენტზე შეტევა, თითქოს არ ყოფილა 150 დაშავებული პოლიციელი, თითქოს არ ესხმოდნენ თავს პოლიტიკოსებს და ა.შ. ბევრი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო. ეს ყველაფერი არის ორმაგი სტანდარტები და რა თქმა უნდა, ეს არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებით ჩანს, არამედ უშუალოდ ევროპული საზოგადოებაც ამას ხედავს და ეს არის სწორედ ის შედეგები რასაც კვლევა გვაჩვენებს“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ცნობისთვის, კვლევაში მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის შვიდი ქვეყნის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის 10 ათასმა ამომრჩეველმა. რომლის მიხედვით, საფრანგეთში გამოკითხულთა 60% დემოკრატიის ხარისხით უკმაყოფილოა, ხოლო 19% - კმაყოფილი. აშშ-ში დემოკრატიის დონით უკმაყოფილოა 53%, ხოლო კმაყოფილია - 20%. გაერთიანებულ სამეფოში დემოკრატიის დონით უკმაყოფილოა 51%, ხოლო კმაყოფილია 26%. დასავლეთის ერთადერთი ქვეყანა, სადაც დემოკრატიის დონით კმაყოფილი ადამიანების რიცხვი უკმაყოფილოებს აჭარბებს, შვედეთია. იქ დემოკრატიით გამოკითხულთა 65%-ია კმაყოფილი, ხოლო 15% - უკმაყოფილო.