Loading data...
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოსა და სომხეთს შორის მეგობრობა, თანამშრომლობა და სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი ქვეყნებისთვის, ასევე, უფრო ფართო რეგიონის კეთილდღეობის და სტაბილურობისთვის

„საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობები ურთიერთპატივისცემის დიდ ისტორიას და ჩვენს ხალხებს შორის მყარ მეგობრობას ეფუძნება და სწორედ ამიტომაც, სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2024 წლიდან დამყარდა ჩვენს ქვეყნებს შორის, არის სრულიად ლოგიკური შედეგი ამ ძირძველი ურთიერთობების“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა სომეხ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, შეხვედრისას საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის არსებულ განსაკუთრებულ მეგობრობას და კეთილმეზობლობას. მხარეებმა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები და რეგიონალური და გლობალური მნიშვნელობის საკითხები მიმოიხილეს.

ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას, მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის პოლიტიკური დიალოგი უმაღლეს დონეზეა, ხოლო ვიზიტები პოზიტიური დინამიკით ხასიათდება. ხაზი გაესვა, რომ საქართველო-სომხეთის სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციამ ორ ქვეყანას შორის არსებული გამორჩეული ურთიერთობები და თანამშრომლობა თვისობრივად ახალ საფეხურზე გადაიყვანა.

„2025 წელი დინამიკური იყო ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებში. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ჩვენი ხალხის მეგობრობა, ჩვენი ქვეყნების კავშირები სრულად არის ასახული პოლიტიკური დიალოგის ინტენსივობაში.“- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

შეხვედრისას, საგარეო საქმეთა მინისტრებმა ისაუბრეს რეგიონში არსებულ ვითარებასა და უსაფრთხოების გამოწვევებთან გამკლავების მიზნით ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე და ამ კონტექსტში, მინისტრებმა დადებითად შეაფასეს 2025 წლის აპრილში, საქართველოში გამართული საქართველო-აზერბაიჯანი-სომხეთის სამმხრივი შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების დონეზე.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, საქართველო ყოველთვის ერთგულად ასრულებდა მნიშვნელოვან როლს რეგიონის სტაბილური და მშვიდობიანი განვითარების საქმეში და კვლავაც გააგრძელებს საკუთარი წვლილის შეტანას რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაში.

„საქართველო მიესალმება 8 აგვისტოს, ვაშინგტონში, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმებას. ეს ისტორიული შეთანხმება წარმოადგენს სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობის დამყარებისკენ გადადგმულ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს და გზას უხსნის რეგიონის გრძელვადიანი და სტაბილური განვითარების ახალ შესაძლებლობებს“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს და რეგიონის სატრანზიტო პოტენციალს. კმაყოფილებით აღინიშნა, რომ სომხეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში, ხოლო ტურიზმის მიმართულებით - პირველ სამეულშია. ასევე, მხარეებმა მიმოიხილეს თანამშრომლობა ტრანსპორტის, ტურიზმის, კულტურის, განათლების და სხვა სფეროებში.

აღსანიშნავია, რომ ეს გახლავთ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, არარატ მირზოიანის მეორე ოფიციალური ვიზიტი საქართველოში.

ვიზიტის ფარგლებში, არარატ მირზოიანი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს.