მაკა ბოჭორიშვილი - გვყავს არჩეული ხელისუფლება, ვართ დემოკრატიული ქვეყანა და ევრონესტის დელეგაცია ვერ მიუთითებს ქართველ ხალხს, რა მიმართულებით წაიყვანოს ქვეყნის განვითარება
„ევრონესტი არ არის კლასის დამრიგებლების გაერთიანება, რომ ასწავლონ მეზობელ ქვეყნებს, როგორ უნდა წარმართონ შიდა პოლიტიკა“, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ევრონესტის დელეგაცია ვერ მიუთითებს ქართველ ხალხს, რა მიმართულებით უნდა წაიყვანოს საკუთარი ქვეყნის განვითარება.
„ევრონესტი შექმნილია იმისთვის, რომ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან შექმნილიყო საპარლამენტო თანამშრომლობის განვითარების პლატფორმა და, სამწუხაროდ, ამ ინსტიტუტმა სხვა მიმართულებით გააგრძელა მუშაობა. ეს არ არის ერთგვარი კლასის დამრიგებლების გაერთიანება, რომ ასწავლონ მეზობელ ქვეყნებს, როგორ უნდა წარმართონ ქვეყნის შიდა პოლიტიკა, ამ შემთხვევაში ქართველ ხალხს. ჩვენ გვყავს არჩეული ხელისუფლება, ეს არის დემოკრატიული ქვეყანა და ევრონესტის დელეგაცია ვერ მიუთითებს ქართველ ხალხს, რა მიმართულებით უნდა წაიყვანოს საკუთარი ქვეყნის განვითარება. ეს პლატფორმა არასდროს ყოფილა ამ მიზნით შექმნილი.
არცერთ მის დოკუმენტში არ წერია, რომ ევრონესტი იმისთვის იყო შექმნილი, მეზობელ ქვეყნებთან ასეთი დამოკიდებულება ყოფილიყო ევროპარლამენტის დელეგაციის მხრიდან. სამწუხაროა, როგორ განვითარდა მუშაობა. ამ პლატფორმას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან უკვე ძალიან ბევრი ქვეყანა აკლია. საქართველოს დელეგაციის გადაწყვეტილება არის სწორი, გამომდინარე იქიდან, რომ პლატფორმა, რომელიც შექმნილია თანამშრომლობისთვის, თუმცა ამ მიზანს აღარ ემსახურება, ვერ იქნება საინტერესო ჩვენთვის“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.