მაჭავარიანი: მეუფე შიოს წინააღმდეგ უბინძურესი კამპანია მისი მოსაყდრედ დასახელებისთანავე დაიწყეს, მოვუწოდებთ, რომ აბსოლუტურად არავინ არ ჩაერიოს ამ პროცესში და ღირსეულად იქნეს არჩეული მომავალი პატრიარქი
„ძალიან ცუდია, ზოგადად, შიდა სამზარეულოს გარეთ გამოტანა, შემდეგ - ამ ყველაფერზე ეთერებში საუბარი. რადიკალური მედიასაშუალებების მხრიდან ეთერების დათმობა ასეთი საკითხებზე, რა თქმა უნდა, ყოვლად მიუღებელია“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მაჭავარიანმა საპატრიარქოს წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიაზე ისაუბრა.
„ჩვენ გვახსოვს, როგორ უთმობდნენ ისინი ეთერს, მაგალითად, ისეთ უვარგის ადამიანს, როგორიც პეტრე იყო, რომელიც პირდაპირ ეთერში ლანძღავდა პატრიარქს. ახლაც ანალოგიურის გაგრძელება ხდება ამ რადიკალური დაჯგუფების მხრიდან.
მეუფე შიოს მიმართ არის თავდასხმა, მას შემდეგ, რაც პატრიარქმა, თავისივე სიცოცხლეში, მეუფე შიო მოსაყდრედ დაასახელა. ზუსტად მაშინ დაიწყო ის უბინძურესი კამპანია, რომ თითქოს მეუფე შიო რუსეთის აგენტია, რაც სჩვევიათ, პრინციპში. ადამიანები, რომლებიც მათ დღის წესრიგში ვერ ჯდებიან, არ აქვს მნიშვნელობა, ეს საერო პირები იქნებიან, თუ - სასულიერო, მაშინვე რუსული იარლიყის მიწებებას ცდილობენ და რუსებად ნათლავენ.
მოვუწოდებთ, რომ აბსოლუტურად არავინ არ ჩაერიოს ამ პროცესში და ღირსეულად იქნეს არჩეული მომავალი პატრიარქი“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.