Loading data...
ლევან მახაშვილი „კამიტის“ გამოყენების შესახებ კამპანიაზე: გამოძიებამ უკვე დაადასტურა, რომ ეს იყო უცხოეთში დაგეგმილი და საქართველოში რადიკალური ჯგუფების, ე.წ. კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მიერ გაკეთებული საინფორმაციო ტერორიზმი

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ „კამიტის“ საქმეზე გამოძიების შედეგებს ეხმაურება.

მახაშვილი აღნიშნავს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რადიკალური ჯგუფები, უცხოეთში დაგეგმილი სქემებით საქართველოში შიშის და დაპირისპირების კერების გაჩენას ცდილობენ.

„გამოძიებამ უკვე დაადასტურა, რომ ეს იყო უცხოეთში კარგად დაგეგმილი და საქართველოში რადიკალური ჯგუფების, ე.წ. კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის მიერ გაკეთებული საინფორმაციო ტერორიზმი. ეს იყო რეალურად, საკუთარი მოსახლეობის ამ ტყუილებით მოწამვლა, რომლის მიზანიც იყო ბრაზისა და მღელვარების გამოწვევა მოსახლეობაში და კარგია, რომ ამ რამდენიმედღიან ტყუილს აეხადა ფარდა. საზოგადოებამ დაინახა, რეალურად ვინ იყო შემსრულებელი და ვინ იყო ამ პროცესის იდეის ავტორი. ამ ყველაფრის მიზანი იყო მოსახლეობაში უმწეობის, შიშის, ხელისუფლების მიმართ მღელვარებისა და სიბრაზის გამოწვევა და აი, ამ ფონზე ისევ დაპირისპირების კერების გაჩენა საზოგადოებაში. ეს არ არის პირველი, ბევრჯერ სცადეს“, - განაცხადა მახაშვილმა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ნივთიერება „კამიტი“ არასდროს შეუძენია, ხოლო 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის მოვლენების დროს გამოყენებული ნივთიერებებიდან არცერთი არ განეკუთვნება აკრძალულთა კატეგორიას, - ეს ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საზოგადოებას გამოძიების დასრულების შემდეგ მიაწოდა.