ლევან მაჭავარიანი: ასეთ მდგომარეობამდე მიიყვანეს უკრაინა და ახლა აცხადებენ, რომ თურმე რუსეთთან საუბარი ყოფილა საჭირო, სწორედ ეს აქტორები აბსოლუტურად ყველას უკრძალავდნენ რუსეთთან საუბარს და დიპლომატიის გზით კონფლიქტის დასრულებას
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი რუსეთთან დიალოგის შესახებ დასავლელი პოლიტიკოსების პოზიციის ცვლილებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს მათ უპასუხისმგებლო პოლიტიკაზე მეტყველებს.
მაჭავარიანის თქმით, 4 წლის განმავლობაში ეს აქტორები უკრაინას აგულიანებდნენ, ჰპირდებოდნენ, რომ დაჩქარებული წესით ნატოსა და ევროკავშირში მიიღებდნენ, რუსულ აქტივებს გადასცემდნენ, ეს ყველაფერი კი ტყუილი აღმოჩნდა და მათ უკრაინა გაწირეს.
„ეს მიუთითებს მხოლოდ მათ უპასუხისმგებლო საქციელსა და პოლიტიკაზე, იქიდან გამომდინარე, რომ ეს აქტორები აგულიანებდნენ უკრაინას, რომ მათი დახმარებით უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებდა. აგულიანებდნენ და ჰპირდებოდნენ, რომ დაჩქარებული წესით ნატოსა და ევროკავშირში მიიღებდნენ, ჰპირდებოდნენ, რომ გაყინულ რუსულ აქტივებს უკრაინას გადასცემდნენ. დღეს ეს ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდა და მათ გაწირეს უკრაინა, მოიქცნენ ასე უპასუხისმგებლოდ და ვინ იღებს იმაზე პასუხისმგებლობას, რომ 4 წელი ამყოფეს ასეთ მდგომარეობაში? ათობით მილიონი უკრაინელი უსახლკაროდ არის დარჩენილი, მილიონამდე დაღუპულია, ინფრასტრუქტურა მთლიანად განადგურებულია. იმ ადამიანებს, რომლებიც 4 წელია, ამ კოშმარში ცხოვრობენ, რამდენი წელი დასჭირდებათ ამ ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამოსასვლელად? აი, ასეთ მდგომარეობამდე მიიყვანეს უკრაინა და ახლა უპასუხისმგებლოდ იქცევიან და აცხადებენ, რომ თურმე რუსეთთან საუბარი ყოფილა საჭირო, მაშინ, როდესაც სწორედ ეს აქტორები 4 წლის განმავლობაში აბსოლუტურად ყველას უკრძალავდნენ რუსეთთან საუბარს და დიპლომატიის გზით ამ კონფლიქტის დასრულებას“, - აცხადებს მაჭავარიანი.