Loading data...
კახა კალაძე პეტერ ფიშერზე: მისი საქმიანობა დიპლომატიას სცდება, ის ჩვეულებრივი „აკაცუკია“

„როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში უცხო ქვეყნის ელჩი დაკავებული იყოს ძალადობრივი ჯგუფების წახალისებით“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან საქართველოში გერმანიის ელჩის საპროტესტო აქციაზე მისვლის ფაქტის შეფასებისას ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, პეტერ ფიშერის საქმიანობა სცდება დიპლომატიას.

„ახალი არაფერი ხდება. ჩვენ ვიცით „დიფ სთეითს“ საქართველოში თავიანთი წარმომადგენლები ჰყავს. ისინი უშუალოდ ხელმძღვანელობენ ძალადობრივ ჯგუფებს და სრულ კოორდინაციაში არიან მათთან, თუ როგორ უნდა იმოქმედონ. ძალიან სამწუხაროა, როდესაც ელჩი ამ ტიპის ქმედებებით არის დაკავებული. რა თქმა უნდა, ეს ყველანაირ დიპლომატიურ საქმიანობას სცდება. ის ჩვეულებრივი „აკაცუკია“. მეტს ვერაფერს ვუწოდებ.

რაც შეეხება ფიშერის საკონსულტაციოდ გაწვევის და შემდეგ დაბრუნების ფაქტს, გულწრფელად გეტყვით, საერთოდ არ მაინტერესებს სად გაიწვიეს და დააბრუნეს. აქ მთავარი საკითხი არის ის, რომ დიპლომატი, ნაცვლად იმისა, რომ დიპლომატიურ საქმიანობას ეწეოდეს, ამის გარდა ყველაფერს აკეთებს. ეს ძალიან მძიმეა. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში უცხო ქვეყნის ელჩი დაკავებული იყოს ძალადობრივი ჯგუფების წახალისებით და პირდაპირ მითითებების მიცემით“, - განაცხადა თბილისის მერმა.

რაც შეეხება Prime Time - ის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტს, რომელიც, გამოცემის ინფორმაციით, ადგილობრივ ოპოზიციას ბრიუსელიდან ევროკავშირის კონკრეტულმა მაღალჩინოსნებმა გამოუგზავნეს, ოპოზიციის წარმომადგენელმა კი ბრიფინგზე წაიკითხეს, კახა კალაძის თქმით: „ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ სრულ კოორდინაციაში არიან გარე ძალებთან, რა დავალებებსაც მიიღებენ, იმას ასრულებენ. სხვანაირი ქმედების უფლებაც არ აქვთ. ეს ტექსტშიც ეწერა, რომ არანაირი ცვლილება არ უნდა განხორციელდესო.“