Loading data...
ირაკლი ზარქუა: ბუნებრივია, ჩვენ დანიის მთავრობისგან ან თავქარიანი კალასისგან ამ უსამართლობასა და ორმაგ სტანდარტზე აღიარების იმედი არ გვქონია

„ფასეულობების დეგრადაცია, ევროპული პრინციპებისგან გადახვევა და ორმაგი სტანდარტი“ - ასეთია „ქართული ოცნების“ შეფასება კოპენჰაგენში აქციის მონაწილეების ძალადობრივ დარბევაზე.

პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ზარქუას განცხადებით, საქართველოს მთავრობას მოლოდინი არ ჰქონია, რომ აღნიშნულ მოვლენაზე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან შესაბამისი შეფასებები გაკეთდებოდა.

„ბუნებრივია, ჩვენ დანიის მთავრობისგან, ან თავქარიანი კალასისგან ამ უსამართლობასა და ორმაგ სტანდარტზე, აღიარების იმედი არ გვქონია. ჩვენ უბრალოდ, საზოგადოებას, მათ შორის, საერთაშორისო საზოგადოებას მივანიშნეთ, რომ არ შეიძლება ასეთი მიდგომები.

არ შეიძლება შენ თვალი დახუჭო, სადაც აშკარად, ღიად მშვიდობიან აქტივისტებს ხელკეტებითა და ძაღლებით უსწორდებიან, ეს არ დაგმო და, მეორეს მხრივ, საქართველოში, სადაც ხდება შტურმი სახელმწიფო ინსტიტუციებზე, პოლიციაზე, საზოგადოებაზე და იქ, როდესაც ხდება პროპორციულად ძალის გამოყენება, ამაზე დაეწყვნენ სხვადასხვა პოზიციის ჩინოვნიკები ევროკავშირის თუ სხვადასხვა ქვეყნის და ერთხმად, ორკესტრირებულად გააშავეს საქართველო“, - აცხადებს ირაკლი ზარქუა.