Loading data...
ირაკლი კობახიძე: პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის ლიდერობის პირობებში საქართველო-სომხეთის ურთიერთობები არის უპრეცედენტოდ მაღალ დონეზე, პირადად მისი როლი ქართულ-სომხური ურთიერთობების გაღრმავებაში განსაკუთრებულია და მადლობა მას ამისთვის

პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის ლიდერობის პირობებში საქართველო-სომხეთის ურთიერთობები არის უპრეცედენტოდ მაღალ დონეზე და ძალიან მიხარია, რომ ეს ურთიერთობები გაგრძელდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა.

„მე მყისიერად მქონდა ზარი ბატონ ნიკოლ ფაშინიანთან და მას მივულოცე არჩევნებში გამარჯვება. რა თქმა უნდა, გამოვთქვი იმედი და სურვილი, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაშიც აქტიურად ვიზრუნოთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე. პირადად პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის როლი ქართულ-სომხური ურთიერთობების გაღრმავებაში არის განსაკუთრებული და მადლობა მას ამისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრს კითხვა დაუსვეს სომხეთის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიების მიერ გაკეთებულ შეფასებებთან დაკავშირებითაც. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და კონკრეტული ქვეყნის ურთიერთობის საქმეა.

„ზოგადად, სომხეთზე არ ვსაუბრობ, ორმაგი სტანდარტები ევროპული ბიუროკრატიისთვის არის აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოვლენა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.