ირაკლი კირცხალია: საზოგადოების მკაფიო დაკვეთით, ჩვენმა ქვეყანამ, პირველ რიგში, უნდა დაიცვას საკუთარი ინტერესები
„რეალურად ის გამოწვევები, რაც არის ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში და რასაც ადევნებს თვალს ჩვენი საზოგადოება, ეს გამოწვევები რჩება გამოწვევებად. რა თქმა უნდა, საპარლამენტო გუნდის საქმიანობა იქნება ყოველთვის მიმართული იმ საქმიანობისკენ, რომელ საქმიანობასაც ვეწეოდით. მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ეს ყველაფერი ძალიან ნიშანდობლივია 2022 წლის შემდეგ, განსაკუთრებით გარე გამოწვევებს გავუსვამდი ხაზს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ახალმა ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.
უმრავლესობის ლიდერი თქმით, საქართველომ პირველ რიგში, უნდა დაიცვას საკუთარი ინტერესები.
„ყველა ვხედავთ გეოპოლიტიკურად თუ როგორ ქარცეცხლში გვიწევს მოღვაწეობა და პოლიტიკური საქმიანობა. ამ ყველაფერთან ერთად, ყველანი კარგად ვხედავთ, რეალურად, იმ სამშვიდობო პოლიტიკით, იმ პრაგმატული პოლიტიკით, თუ როგორი ეკონომიკური წინსვლა და ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოსახლის კეთილდღეობაზე ორიენტირებული პოლიტიკაა.
ქართული საზოგადოების მკაფიო დაკვეთით, ჩვენმა ქვეყანამ, პირველ რიგში, უნდა დაიცვას საკუთარი ინტერესები. ქვეყნის ინტერესი არის ერთი - სუვერენიტეტის დაცვა, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობიანი გზით და ის სამშვიდობო პოლიტიკა, რომელიც პირდაპირ კონვერტირდება იმ კეთილდღეობაში, ეკონომიკურ წინსვლაში, რასაც ვხედავთ 2022 წლიდან დღემდე“, - აღნიშნავს კირცხალია.