გურამ მაჭარაშვილი: ევრობიუროკრატიამ იმ ღირებულებებზე თქვა უარი, რისთვისაც ჩვენ გვინდოდა და გვინდა ევროკავშირის ნაწილად ყოფნა - იმედს ვიტოვებთ, რომ ევროპული საზოგადოების უმრავლესობა დაიბრუნებს ღირებულებებს
„ევრობიუროკრატიამ იმ ღირებულებებზე თქვა უარი, რისთვისაც ჩვენ გვინდოდა და გვინდა ევროკავშირის ნაწილად ყოფნა. მე შეგნებულად არ ვამბობ, რომ ევროპამ თქვა უარი ღირებულებებზე, რადგან მისი სახე ნამდვილად არაა მხოლოდ ევროკავშირი და ევრობიუროკრატია“, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა დანიაში განვითარებული მოვლენების შეფასებისას.
ამასთან, მაჭარაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ევროპული საზოგადოება ევროპულ ღირებულებებს დაიბრუნებს.
„იმედს ვიტოვებთ, რომ ევროპული საზოგადოების უმრავლესობა დაიბრუნებს ღირებულებებს. ნებისმიერ განმარტებასა და დოკუმენტში ცხადადაა ნაჩვენები, რომ ევროპული ღირებულება დაფუძნებულია ქრისტიანულ ღირებულებაზე. ეს იყო ევროპელების იდენტობის განუყოფელი ნაწილი. შესაბამისად, როცა ვსაუბრობთ რომ ევროკავშირი ებრძვის ქრისტიანულ ღირებულებებს, ვგულისხმობთ, რომ ევრობიუროკრატები ებრძვიან ოჯახურ ტრადიციებს, მშვიდობას, ურთიერთპატივისცემასა და თანასწორობას“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
კოპენჰაგენში განვითარებული მოვლენების შესაფასებლად, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ურსულა ფონ დერ ლაიენს, ანტონიო კოშტასა და რობერტა მეცოლას ღია წერილით მიმართა.